თბილისის ზოოპარკში სპილო „გრანდისთვის“ ეშვის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორამაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.
ოპერაცია ვოლიერში სამ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. ოპერაციისთვის თბილისში სამხრეთ აფრიკიდან ცნობილი ვეტექიმი გერჰარდ სტინკამპი და ანესთეზიოლოგი ადრიან ტორდიფი ჩამოვიდნენ. ოპერაციაზე, უცხოელ ექიმებთან ერთად, ქართველი ვეტექიმებიც მუშაობდნენ.
23 წლის სპილო „გრანდისთვის“ ეს მეორე ოპერაციაა. სპილო საქართველოში რამდენიმე წლის წინ ერევნის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს. მას ორივე ეშვი დაზიანებული ჰქონდა. ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება, დროთა განმავლობაში, მის დაღუპვას გამოიწვევდა. ამიტომაც სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა. პირველი ოპერაცია, რომელიც 11 საათს გაგრძელდა, „გრანდს“ 2014 წელს ჩაუტარდა. ოპერაცია გართულდა და ვეტექიმებმა მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება შეძლეს. ანესთეზიიდან გამოსული სპილოს წამოყენება მრავალსაათიანი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.