ახალგაზრდა ჟურნალისტის, ნინი ჯაფარიძის მოულოდნელ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, „იმედის კლინიკა“ განცხადებას ავრცელებს. სამშობიარო სახლში განმარტავენ, რომ ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდეგი გართულებებით არ გარდაცვლილა.
„იმედის კლინიკის“ თითოეული თანამშრომელი უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ნინო ჯაფარიძის გარდაცვალების გამო. მწუხარებას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ნინო ჯაფარიძე ჩვენი მეგობარი ოჯახის შვილია და ფაქტობრივად ჩვენს ხელში იყო გაზრდილი!
ამასთან გვინდა, დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი და პასუხი გავცეთ ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნინო ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა. ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნინო ჯაფარიძის გარდაცვალება არ არის დაკავშირებული მშობიარობის შემდგომ გართულებასთან!
მოგახსენებთ, რომ ამა წლის 21 მაისს, „იმედის კლინიკაში“ ჩატარებული საკეისრო კვეთის ოპერაციის შედეგად დაიბადა მდედრობითი სქესის ჯანმრთელი ახალშობილი. ოპერაციისა და მის შემდგომ პერიოდში გართულებას ადგილი არ ჰქონია. ოპერაციიდან მეორე დღეს თავი იჩინა პაციენტის დიდი ხნის მძიმე სომატური დაავადებიდან გამომდინარე გართულებამ, რის გამოც იგი დროულად იქნა გადაყვანილი ერთ-ერთ კლინიკაში. მოგვიანებით იქიდანაც მოხდა პაციენტის გადაყვანა სხვა სპეციალიზირებულ კლინიკაში, სადაც, სამწუხაროდ, ნინო ჯაფარიძე გარდაიცვალა.
ნინოს გოგონა – ბარბარე ამ დრომდე „იმედის კლინიკაში“ რჩება და ჩვენი ნეონატოლოგიური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშაა. ახალშობილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება!“ - ნათქავამია „იმედის კლინიკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.