Baby Bag

„​ნუ წაართმევ ბავშვობას“ - შსს-მ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

„​ნუ წაართმევ ბავშვობას“ - შსს-მ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

„ნუ წაართმევ ბავშვობას“ - ამ სახელწოდებით შინაგან საქმეთა სამინისტრო 18-დღიან საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც ბავშვთა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ არის მიმართული.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები რეგიონის მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები მიიღებენ. ასევე, დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც კამპანიის მიმდინარეობისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მართლწესრიგის ოფიცრები თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას გადასცემენ და კამპანიის მიზნებს გააცნობენ.

„ჩვენი მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან, დაარიგებენ საინფორმაციო ბროშურებს და ბუკლეტებს და მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას, რომ ნაადრევი ქორწინება დანაშაულია და უნდა შეატყობინონ პოლიციას,“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

შსს ინფორმაციით, 2018 წელს, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. უმეტესად, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ხდება შეთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას. ამ მხრივ, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ნაკლებობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინფორმაციო კამპანიაც.