2019 წლის პირველი იანვრიდან, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი „დამრგვალების მეთოდით“ შეიცვლება. დადგენილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო.
ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე. ამ შემთხვევაში ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:
- 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
- 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
- 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
- 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
გარდა ამისა, ცვლელება ეხება 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის საკითხსაც. 1 და 2 თეთრის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა განისაზღვრა 2020 წლის ბოლომდე.
2021 წლის 1-ლი იანრიდან ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნული ნომინალის მონეტების გამოცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, უვადოდ.