Baby Bag

„მცირეწლოვანი ბავშვი თამაშობდა და თვითდაზიანება მიიღო მაკრატლით გულმკერდის არეში“ - შემთხვევა მარნეულში

„მცირეწლოვანი ბავშვი თამაშობდა და თვითდაზიანება მიიღო მაკრატლით გულმკერდის არეში“ - შემთხვევა მარნეულში

მარნეულში სამ წლამდე ასაკის ბავშვი დაშავდა. ბავშვს გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა აღენიშნება. იგი მარნეულის საავადმყოფოდან იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მარნეულის საავადმყოფოს ექიმის, სულეიმან კარსკოვის განმარტებით, ბავშვი საავადმყოფოში დედამ მიიყვანა.

„ბავშვი დედამ შემოიყვანა. მისივე განმარტებით, ბავშვი თამაშობდა და მიიღო თვითდაზიანება მაკრატლით. ჭრილობა აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა არეში. გაეწია შესაბამისი კონსულტაცია და გადაყვანილ იქნა იაშვილის კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო სტაბილური“, – აცხადებს ექიმი სულეიმან კარსკოვი.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამ ორი წლის მოზარდს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ბავშვი წაიქცა და მაკრატლით, რომელიც სავარაუდოდ, ხელში ეჭირა, თვითდაზიანება მიიღო.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

შეიძლება დაინტერესდეთ

„პანდემიის დროს აცრის ჩატარება თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა,“ - დავით ლოლაძის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს

„პანდემიის დროს აცრის ჩატარება თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა,“ - დავით ლოლაძის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს

ზოგადმა ქირურგმა დავით ლოლაძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონიდან ამონარიდი გააცნო, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის პირობებში პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე უარის თქმის უფლებას არ აძლევს:

„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის უფლებაა უარი თქვას პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, თუ საქმე არ ეხება ეპიდემიას ან პანდემიას. მე ახლა წაგიკითხეთ მონაკვეთი საქართველოს კანონიდან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ. ნაცნობებო, მეგობრებო, კოლეგებო, ​პანდემიის დროს აცრის ჩატარება თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა. შეიძლება არაფრად ჩააგდოთ ჩემი ან რომელიმე ჩვენგანის ნათქვამი. მაგრამ ეს კანონით გათვალისწინებული წესია.“

დავით ლოლაძის თქმით, როდესაც ჩვენი თავისუფლება სხვას უზღუდავს სიცოცხლის უფლებას, იქ უკვე კანონის ენა შემოდის:

„შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები. როდესაც თქვენი თავისუფლება სხვას უზღუდავს ყველაზე უზენაეს, ანუ სიცოცხლის უფლებას, აქ შემოდის კანონის ენა. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დილით ხედავთ ავტობუსს, რომელიც კლდეში იჩეხება. ეს ავტობუსი ადამიანებით არის სავსე. ამ ავტობუსში დაახლოებით 70 ადამიანი ეტევა, იმდენივე, რამდენ სიცოცხლესაც თითქმის ყოველდღიურად ვკარგავთ. წარმოიდგინეთ, რომ ა​მ ავტობუსში სხედან ჩვენი მეგობრები, ჩვენი ოჯახის წევრები, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ეს იყოს ჩვენი შვილები და ჩვენც. დავიჯერო, ასე მშვიდად გააგრძელებდით ამ შემთხვევის ყურებას, ყოველდღიურად ავტობუსი რომ ხევში იჩეხებოდეს?! ალბათ, იმოქმედებდით."

„დროა, ახლაც ვიმოქმედოთ ყველამ და მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება:​ ავიცრათ და დავასრულოთ პანდემია,“- აღნიშნულ საკითხზე დავით ლოლაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“

წაიკითხეთ სრულად