Baby Bag

ბათუმში ცურვა აიკრძალა

ბათუმში ცურვა აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო განცხადებას ავრცელებს. 

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.

სულ დაფიქსირდა 45 შეტყობინება. გამოძახებების უმრავლესობა შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მოახდინეს დროული რეაგირება.

ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ძლიერი ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. აღნიშნული მისამართების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეცა.

უამინდობის გამო, ამ დროისთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დაიწყება

დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დაიწყება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დაიწყება - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილება საბჭომ ეპიდემიოლოგიური ტენდენციების შესწავლის საფუძველზე მიიღო. 

დღეიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში. აქვე, მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, ანუ მათ თავიდან არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

წაიკითხეთ სრულად