იუსტიციის სამინისტრო ქორწინების რეგისტრაციისას ახალ სტანდარტს ამკვიდრებს - 2018 წლის მაისიდან წყვილებს გადაეცემათ „ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემა. საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღადგინეს უძველესი ქართული ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს“ − ფასდაუდებელ საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს. სამზითვო „ვეფხისტყაოსანი“ ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად გადაეცემა როგორც სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლო. „ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის, ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება.