Baby Bag

საქართველოს სახალხო დამცველი მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ფაქტს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ფაქტს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ფაქტს ეხმიანება. გთავაზობთ მის განცხადებას:

„2019 წლის 27 აგვისტოს მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის შესახებ, რომელსაც გამვლელმა დანის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. მოგვიანებით, აღნიშნული პირი პოლიციამ დააკავა.

მომხდარის შეფასებისას, სოციალურ ქსელში არაერთი მოწოდება გავრცელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა საზოგადოებიდან გარიყვის და მათი იზოლაციის შესახებ. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს და შესაბამისი ინფორმაციის არ ქონის პირობებში, აღნიშნულზე ხაზგასმა აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმას. 

აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, კვლავ არაერთი სისტემური პრობლემა რჩება, რაც აბრკოლებს არსებული რეგულაციების და სერვისების ეფექტურ განხორციელებას. საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ განწყობებთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების სიმცირე ამ სფეროში ადამიანური რესურსის, ეფექტური სერვისების, რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის პრობლემებს იწვევს.

საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა პრობლემის დროული გამოვლენის სირთულესთან ერთად, საკითხზე არასწორი მსჯელობის შესაძლებლობებს აჩენს და ხელს უწყობს არსებული ტაბუს გაძლიერებას. ამასთან, კვლავ პრობლემად რჩება ოჯახების მხრიდან უგულებელყოფა და თანამდგომთა ქსელის არარსებობა.

სოციალური სერვისების სიმცირე ართულებს ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროების დროულ იდენტიფიცირებას და მხარდამჭერი სერვისების შეთავაზებას; ხელს უშლის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის შემცველი ქცევის გამოვლენას და აღნიშნულ პირთა შესაბამის სერვისებში ჩართვას.

სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სერვისების განვითარების მიმართულებით, გამოწვევად რჩება თემზე დაფუძნებული და ამბულატორიული სერვისების ნაკლებობა, თავის მხრივ განაპირობებს მათზე მისაწვდომობის ნაკლებობას და შემთხვევათა გამწვავებას.

პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის უწყვეტობის საკითხიც. მაგალითისთვის, 2018 წელს ჰოსპიტალიზაციის შემდგომ პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო ამბულატორიულ/სათემო სერვისებში, რაც ასევე მიუთითებს ჰოსპიტალს გარეშე სერვისების გაძლიერების საჭიროებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს გაძლიერდეს ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, მათ შორის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარებისთვის ეფექტური ნაბიჯების გადადგმის კუთხით. მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება დაეთმოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს პრევენციული ღონისძიებების გატარებას. მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე. ამასთან, მოუწოდებს ყველას საკითხის განხილვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა მიმართ ტაბუს და სტიგმის გაძლიერება.

სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის შემთხვევას,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ'' - ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაცია საჯაროდ ჩაიტარა

,,ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ'' - ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაცია საჯაროდ ჩაიტარა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაცია საჩხერის სამედიცინო ცენტრში საჯაროდ ჩაიტარა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„მე ვგრძნობ პასუხიმსგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორი რამდენიმე წელი ვიყავი და მიმაჩნია, რომ ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს, როგორც თვითონ კლინიკას, მრავალწლიანი გამოცდილება და სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის ტრადიცია გააჩნია. ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ექიმებისა და იმ კლინიკისთვის, სადაც მე ბევრი წელი მაქვს გატარებული. აქ ჩატარებული ვაქცინაცია, ვფიქრობ, იქნებოდა სიმბოლურიც და მოტივის მომცემი. იქნა შევსებული კითხვარი, რომელსაც გავეცი დეტალურად პასუხი, ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ“ - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
დაემატეთ ჯგუფში - ​„მცოდნე დედების ჯგუფი“​

წაიკითხეთ სრულად