Baby Bag

ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებისთვის ორი პირი დააკავეს

ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებისთვის ორი პირი დააკავეს

პოლიციამ 19 წლის გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ფ.ა. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზრახველთან - ი.ა.-სთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მკვიდრს - 2000 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა.

სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას, ბ.გ.-მ გაქცევა შეძლო, ფ.ა. და ი.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსისგან განკურნებულ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობის განვითარების მაღალი რისკი აქვთ - უახლესი კვლევები

კორონავირუსისგან განკურნებულ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობის განვითარების მაღალი რისკი აქვთ - უახლესი კვლევები

​მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგებიან. ამ კუთხით ისინი რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდ-19-ის დიაგნოზის დასმიდან 90 დღის განმავლობაში ადამიანების 20 %-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები უვლინდება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის​ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს უმეტესად შფოთვითი აშლილობა, დეპრესია და ინსომნია აწუხებთ. მკვლევარების მტკიცებით, კოვიდ-19 ზრდის დემენციის განვითარების რისკებს.

მეცნიერები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პრობლემის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდებენ და მედიკოსებს ურჩევენ სასწრაფოდ გამოძებნონ პრევენციის გზები და სამკურნალო საშუალებები განკურნებული პაციენტების დასახმარებლად.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 62 000 -ზე მეტ განკურნებულ პაციენტს ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდათ, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია. კოვიდ-19-ის დიაგნოზის დასმიდან პირველი სამი თვის მანძილზე ყოველი 5 განკურნებული პაციენტიდან ერთს შფოთვა და დეპრესია აღენიშნება. აღნიშნული სამი თვის განმავლობაში სხვა ადამიანებთან შედარებით კოვიდ-19-ისგან განკურნებულებს ორჯერ უფრო ხშირად უსვამდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დიაგნოზს.

​კვლევებით ასევე დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ, კოვიდ-19-ით დაინფიცირების 65%-ით მეტი რისკი აქვთ. აღნიშნული კვლევის შედეგები ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა.

​მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კოვიდ-19 ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ტვინზე. ის ფსიქიკური აშლილობების განვითარების რისკსაც ზრდის.

ის, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს კოვიდ-19-ით დაინფიცირების მეტი რისკი აქვთ, ლონდონის კინგსის კოლეჯში ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა. კოვიდ-19 ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და ის ფსიქიკური აშლილობების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

მომზადებულია​ voanews.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად