Baby Bag

„სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ“

„სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ“

მწერალი და  ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე საქართველოში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის უმ­ძი­მეს შე­დე­გებს სოციალური ქსელით ეხ­მიანება. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

წლების წინ ერთი კარგი თანამშრომელი გვყავდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ცხადია, ის ბიჭი ახლაც კარგი ბიჭია, უბრალოდ ჩვენთან აღარ მუშაობს. არ მუშაობს იმიტომ, რომ ყველამ ერთად გამოვცადეთ, რას უშვება ადამიანს ეს დიდი და საშინელი მიჯაჭვულობა - აზარტული თამაშების მონობა ანუ ლუდომანია. დავინახეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ ერთი დაუკვირვებელი შეხედვით, უწყინარმა გართობამ, სხვა მხრივ, სრულიად ჯანსაღი ადამიანი. დავინახეთ, რომ უკვე რაღაც რელიგიასთან გათანაბრებულ ექსტაზს დაემსგავსა ეს გზა - სხვები, უბრალოდ აღარ ვარსებობდით და თუ ვარსებობდით, ამ ყველაფრის დროებით ინსტრუმენტად - 100 ლარის მსესხებლად. არასდროს ვიტყვი, არც ამ ადამიანის სახელს და არც იმას - სად მივიდა მისი ,,ფანტაზია". არ ვიტყვი, მათ შორის იმიტომაც, რომ მგონია - მას აქვს უკან დაბრუნების შანსი - ცხოვრებაში და ბიბლიოთეკაშიც.

ცხადად მესმის, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა იქამდე, სანამ სხვას არ აზარალებს. ზოგადი დათქმით და უჩარჩოო ფიქრითაც ასეა - უნდა მოწევს, უნდა თავს მოიკლავს და უნდა ითამაშებს.

მაგრამ კიდევ უფრო ცხადად მესმის და მჯერა, რომ ჩვენ - სხვა დანარჩენი ადამიანები თანაგრძნობის არსებები უნდა ვიყოთ. უნდა ვეცადოთ და იმ სივრცეში, სადაც ჩვენი ხმა ფასობს, უარი ვუთხრათ ამ მოუთოკავ სენს. ვიცით, რომ ვერ დავამარცხებთ და სულ იარსებებს, მაგრამ მანძილს მაინც შევუზღუდავთ.

ოპერატორი სანდროს ამბავი დიდ გაფრთხილებად უნდა იქცეს. თუ რამე არ ვარ, მორალისტი და მორალიზმით დაავადებული. არც იმას ვკიცხავ, ვინც თვეში ორჯერ ტოტალიზატორში 10 ლარს დებს და შეიძლება მოგებული ოცი ლარით, დამატებით პროდუქტს ყიდულობს. მაგრამ იქ, სადაც ადამიანები თავს კარგავენ, სადაც სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხშირად იმართება ღონისძიებები, სადაც მათ შორის აზარტული თამაშების რეკლამასაც მოკრავთ თვალს. ჩვენ, ამიერიდან, გადავწყვიტეთ და ამგვარ ბანერებს აღარ განვათავსებთ. ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს წვეთიც, ვინმე მწყურვალს დახრჩობას აარიდებს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნურასოდეს იტყვით რომ დაიღალეთ, რომ ყველაფერი გტკივათ...“

„ნურასოდეს იტყვით რომ დაიღალეთ, რომ ყველაფერი გტკივათ...“
„საქალებო სტატუსი...

ნურასოდეს იტყვით რომ დაიღალეთ, რომ ყველაფერი გტკივათ, რომ ნევროზი გაგიჩინათ ცხოვრებამ. მაინც არავის შეეცოდებით და საკუთარი თავის წინაშე მაინც მარტონი იქნებით. ნურასოდეს წაიქცევით სხვის დასანახად,ნუ ჩაიცმევთ შავ კაბას, როცა სამყარო ფერადია. ვინც თქვენგან მიდის, მას დაბრუნების რცხვენია და ამიტომ ხართ მარტო.ვინც არ იმსახურებს თქვენს ცრემლებს, დასაჯეთ უყურონ თქვენს სიცილს. ვინც ბედნიერებას ვერ განიჭებთ, ნუ ჩათვლით თავს ვალდებულად რომ მას შესწიროთ ცხოვრება. ყველას ერთი ცხოვრება გვაქვს.

ვინც გულს გტკენთ, ისინი გაძლიერებენ. ნუ იცხოვრებთ ისე რომ, სარკეში თქვენს ნაცვლად სხვა ქალის დანახვა გენატრებოდეთ. ყოველთვის იყავით ისეთი, როგორიც გინდათ რომ იყოთ.

ნუ მისცემთ წვრილმანებს უფლებას გააუთაონ თქვენი ოცნებები.ნურც სამზარეულოს მეკვლე გახდებით ყოველ დილას.წაყევით თქვენს შვილებს ფეხბურთის სათამაშოდ,ტყეში,მტრედების სანახავად...მიყევით მათ ნაბიჯებს და იცინეთ...ბევრი იცინეთ რომ დედები ხართ. ნუ დაკარგავთ საკუთარი თავისკენ მიმავალ გზას...იყავით თავისუფლები,ლაღები,ლამაზები. ფერადკაბიანები.

​ჩაიცვით ბევრი კარგი ხასიათი და მოირგეთ თქვენი თავი. კაცები რომლებიც ქალებს ტოვებენ,ისევ ქალებთან გარბიან. ქალებთან რომლებმაც თქვენზე უკეთ გაიგეს საკუთარი თავის ფასი...

ნუ იქნებით მარტო დედები...ან მარტო ქალები...იყავით ბევრი და მრავალფეროვანი.შექმენით საკუთარი თავი საკუთარი იდეალების მიხედვით.არასოდეს აპატიოთ ერთის მეტად.არასოდეს შეიყვაროთ თავზე მეტად.

მშვიდად დადექით სარკის წინ და თქვენს თავს ესაუბრეთ...ესაუბრეთ რომ ყველაზე ძლიერი ხართ და ყველაფერი კარგი წინაა.

დიახ, თქვენ ზუსტად ის ქალი ხართ კაცს რომ ოცნება ასწავლეთ...სიცოცხლე შეაყვარეთ და შვილები აჩუქეთ.თუ ის ამ ყველაფერს კარგავს,მიეცით საშუალება იცხოვროს საკუთარ სიბნელეში.ყოველთვის გახსოვდეთ რომ გვირაბის ბოლო გვირაბის დასაწყისიცაა...

და თუ ოდესმე თავს უფლებას მისცემთ ტირილის,იტირეთ მხოლოდ მაშინ,როცა თქვენი პატარები კისერზე გეხუტებიან და გეუბნებიან ,,დედა,მიყვარხარ"...“
ავტორი: მწერალი ანა ლაშხელი ონიანი

შეგახსენებთ, რომ ანა ლაშხელი ონიანი 32 წლის ასაკში კუჭის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. 
წაიკითხეთ სრულად