Baby Bag

„სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ“

„სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ“

მწერალი და  ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე საქართველოში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის უმ­ძი­მეს შე­დე­გებს სოციალური ქსელით ეხ­მიანება. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

წლების წინ ერთი კარგი თანამშრომელი გვყავდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ცხადია, ის ბიჭი ახლაც კარგი ბიჭია, უბრალოდ ჩვენთან აღარ მუშაობს. არ მუშაობს იმიტომ, რომ ყველამ ერთად გამოვცადეთ, რას უშვება ადამიანს ეს დიდი და საშინელი მიჯაჭვულობა - აზარტული თამაშების მონობა ანუ ლუდომანია. დავინახეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ ერთი დაუკვირვებელი შეხედვით, უწყინარმა გართობამ, სხვა მხრივ, სრულიად ჯანსაღი ადამიანი. დავინახეთ, რომ უკვე რაღაც რელიგიასთან გათანაბრებულ ექსტაზს დაემსგავსა ეს გზა - სხვები, უბრალოდ აღარ ვარსებობდით და თუ ვარსებობდით, ამ ყველაფრის დროებით ინსტრუმენტად - 100 ლარის მსესხებლად. არასდროს ვიტყვი, არც ამ ადამიანის სახელს და არც იმას - სად მივიდა მისი ,,ფანტაზია". არ ვიტყვი, მათ შორის იმიტომაც, რომ მგონია - მას აქვს უკან დაბრუნების შანსი - ცხოვრებაში და ბიბლიოთეკაშიც.

ცხადად მესმის, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა იქამდე, სანამ სხვას არ აზარალებს. ზოგადი დათქმით და უჩარჩოო ფიქრითაც ასეა - უნდა მოწევს, უნდა თავს მოიკლავს და უნდა ითამაშებს.

მაგრამ კიდევ უფრო ცხადად მესმის და მჯერა, რომ ჩვენ - სხვა დანარჩენი ადამიანები თანაგრძნობის არსებები უნდა ვიყოთ. უნდა ვეცადოთ და იმ სივრცეში, სადაც ჩვენი ხმა ფასობს, უარი ვუთხრათ ამ მოუთოკავ სენს. ვიცით, რომ ვერ დავამარცხებთ და სულ იარსებებს, მაგრამ მანძილს მაინც შევუზღუდავთ.

ოპერატორი სანდროს ამბავი დიდ გაფრთხილებად უნდა იქცეს. თუ რამე არ ვარ, მორალისტი და მორალიზმით დაავადებული. არც იმას ვკიცხავ, ვინც თვეში ორჯერ ტოტალიზატორში 10 ლარს დებს და შეიძლება მოგებული ოცი ლარით, დამატებით პროდუქტს ყიდულობს. მაგრამ იქ, სადაც ადამიანები თავს კარგავენ, სადაც სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხშირად იმართება ღონისძიებები, სადაც მათ შორის აზარტული თამაშების რეკლამასაც მოკრავთ თვალს. ჩვენ, ამიერიდან, გადავწყვიტეთ და ამგვარ ბანერებს აღარ განვათავსებთ. ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს წვეთიც, ვინმე მწყურვალს დახრჩობას აარიდებს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

არავის შვილები - გიორგი კეკელიძე

არავის შვილები - გიორგი კეკელიძე
„​ერთხელ, ერთმა კაცმა, დიდად პომპეზურ საჯარო თავყრილობაზე, მხოლოდ კეთილი განზრახვით ჩაფიქრებული, ასეთი სიტყვები თქვა: აგერ, გიორგიო (ანუ მე), არავის შვილი არ არის და როგორ წარმატებას მიაღწიაო. 
ამ შვილების და შვილიშვილების საზოგადოებაში, სადაც ადრე, სტუდენტობისას, იმის გაგების შემდეგ, რომ კორნელი კეკელიძის ნათესავი არ ვყოფილვარ, ცოტა მოიწყენდნენ და ერთი-ორი ანეკდოტის მოყოლა მიწევდა, ისევ რომ გამეღიმებინა, ბევრი არაფერი მიკვირს. მაგრამ ეს „არავის“, ყურს უცნაურად მოხვდა. არ მწყენია (გამომსვლელის აზრით საერთოდაც უნდა გამხარებოდა) – დიდი ხანია გარეამბებისთვის გულის კანი გამისქელდა და არც მარტივი კომპლექსების ტყვე გახლავართ. უბრალოდ დავფქირდი. სხვა მილიონი ადამიანის მაგივრადაც. რომ ეთქვათ, გლეხის, მუშის, აგრონომის და რა ვიცი – ათასი ვინმეს შვილიაო, შეიძლება, ფიქრიც არ შემეჩერიბინა. არადა, იმ კაცმა მართლა კეთილი განზრახვით თქვა და რაღაც აზრით, თვისობრივ ამბავში, სრულებით ზუსტი რამ.
საერთოდ, კარგი წინაპრით სიამაყე ცუდი საქმე როდია, მაგრამ აბა ვინ მიკარნახებს, რას ნიშნავს კარგი? მამაჩემი იმიტომ არის არავინ, რომ დღედაღამე მუშაობდა ხან ყანაში და ხან თხილში, ხან ძროხას უვლიდა და ხან წიწილებს? არ იპარავდა და საკუთარ ოცნებებს ჩუმად ხოცავდა, იმიტომ რომ გარეთ სხვები ერთმანეთს ხოცავდნენ და ამ მხოცველთა შორის ბევრი აგერ ვითომ საამაყო წინაპარი იყო? და მამაშენიც და მამამისიც იმიტომ არიან არავინ, რომ მათი ბიოგრაფიაში რაღაც ჯილდოები და ნაშრომები არ წერია? და საერთოდ, როგორ შეიძლება ადამიანი არავინ იყოს? ნებისმიერი ადამიანი. იქ კი, ბაბუათა და მამათა პანთეონში, მნიშვნელოვან ნაწილს, მხოლოდ იმიტომ ერქვა „ვიღაც“, რომ ცეკას შესასვლელთან ეძინათ და დღეს მათ სახელებს, რომელიმე სახლის შესასვლელთან დაძალებულ ლითონის აბრებზე სძინავთ. მაგრამ რაც უნდა ნაძირალა ყოფილიყო და ფსკერის ბინადარი – არასდროს დავარქმევ არავის „არავის“.
ამსიგრძედ იმიტომ ვწერე, რომ დღესაც, ბევრი განათლებული და დაწინაურებული ადამიანი მხვდება და როცა, ვიღაცაზე რამე კარგის თქმა უნდა, უკანასკნელ, რკინის არგუმენტად, იდუმალი ხმით მიჩურჩულებს: ხომ იცი, ეგ ფეშანგი ფაშვიბერტყაძის შვილიშვილია.
მე კიდევ მგონია, რომ „არავის შვილების“ დრო დადგა. ოღონდ ეს „არავის“ ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან დიდს და მნიშვნელოვანს.“

ავტორი: მწერალი გიორგი კეკელიძე 

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად