Baby Bag

„სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ“

„სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ“

მწერალი და  ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე საქართველოში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის უმ­ძი­მეს შე­დე­გებს სოციალური ქსელით ეხ­მიანება. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

წლების წინ ერთი კარგი თანამშრომელი გვყავდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ცხადია, ის ბიჭი ახლაც კარგი ბიჭია, უბრალოდ ჩვენთან აღარ მუშაობს. არ მუშაობს იმიტომ, რომ ყველამ ერთად გამოვცადეთ, რას უშვება ადამიანს ეს დიდი და საშინელი მიჯაჭვულობა - აზარტული თამაშების მონობა ანუ ლუდომანია. დავინახეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ ერთი დაუკვირვებელი შეხედვით, უწყინარმა გართობამ, სხვა მხრივ, სრულიად ჯანსაღი ადამიანი. დავინახეთ, რომ უკვე რაღაც რელიგიასთან გათანაბრებულ ექსტაზს დაემსგავსა ეს გზა - სხვები, უბრალოდ აღარ ვარსებობდით და თუ ვარსებობდით, ამ ყველაფრის დროებით ინსტრუმენტად - 100 ლარის მსესხებლად. არასდროს ვიტყვი, არც ამ ადამიანის სახელს და არც იმას - სად მივიდა მისი ,,ფანტაზია". არ ვიტყვი, მათ შორის იმიტომაც, რომ მგონია - მას აქვს უკან დაბრუნების შანსი - ცხოვრებაში და ბიბლიოთეკაშიც.

ცხადად მესმის, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა იქამდე, სანამ სხვას არ აზარალებს. ზოგადი დათქმით და უჩარჩოო ფიქრითაც ასეა - უნდა მოწევს, უნდა თავს მოიკლავს და უნდა ითამაშებს.

მაგრამ კიდევ უფრო ცხადად მესმის და მჯერა, რომ ჩვენ - სხვა დანარჩენი ადამიანები თანაგრძნობის არსებები უნდა ვიყოთ. უნდა ვეცადოთ და იმ სივრცეში, სადაც ჩვენი ხმა ფასობს, უარი ვუთხრათ ამ მოუთოკავ სენს. ვიცით, რომ ვერ დავამარცხებთ და სულ იარსებებს, მაგრამ მანძილს მაინც შევუზღუდავთ.

ოპერატორი სანდროს ამბავი დიდ გაფრთხილებად უნდა იქცეს. თუ რამე არ ვარ, მორალისტი და მორალიზმით დაავადებული. არც იმას ვკიცხავ, ვინც თვეში ორჯერ ტოტალიზატორში 10 ლარს დებს და შეიძლება მოგებული ოცი ლარით, დამატებით პროდუქტს ყიდულობს. მაგრამ იქ, სადაც ადამიანები თავს კარგავენ, სადაც სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხშირად იმართება ღონისძიებები, სადაც მათ შორის აზარტული თამაშების რეკლამასაც მოკრავთ თვალს. ჩვენ, ამიერიდან, გადავწყვიტეთ და ამგვარ ბანერებს აღარ განვათავსებთ. ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს წვეთიც, ვინმე მწყურვალს დახრჩობას აარიდებს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ჩემი მშობლები ხვალ იცრებიან და პრინციპულად ასტრაზენეკით. რატომ?''

,,ჩემი მშობლები ხვალ იცრებიან და პრინციპულად ასტრაზენეკით. რატომ?''

ქარ­თვე­ლი ნევ­რო­ლო­გი დავით მრელაშილი, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს ვაქცინაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,საოცარი ხალხი ვართ ეს ქართველები.

- ვაქცინამ ორი კვირით დააგვიანა შეპირებულზე და ლანძღვით ავიკელით მთავრობა - ჩვენი დახოცვა უნდათ, ან უნიათები არიან - რატო არ შემოაქვთო.

- შემოიტანეს ხარისხიანი ვაქცინა (ასტრაზენეკა) - არ ვიცრებით - ცუდი ვაქცინააო, ჩვენი დახოცვა უნდათო ისევ ამ ერთადერთი, მართლაც რომ სამწუხარო პრეცედენტის გამო (და ვუგულებელვყოფთ ათასობით გარდაცვლილს თავად ვირუსისგან). ნაწილმა იმის გამო რომ ერთ ხელზე ჩამოსათვლელმა ქვეყნებმა მეცნიერულად დაუსაბუთებელი გართულებების ეჭვის გამო დროებით ან ნაწილობრივ შეაჩერეს ეს ვაქცინა და ასევე ვუგულებელვჰყობთ მსოფლიოს ათეულობით წამყვან ქვეყნებს სადაც ჩვეულებრივ გრძელდება ვაქცინაცია ათეულ მილიონბით მოსახლეზე.

- შემოიტანეს ფაიზერი - რომლსაც ჯერჯერობით წუნი ვერ დასდეს - მაინც არ ვიცრებთ (და მიზეზს ველოდები სოციალურ მედიაში და ჯერ ვერ ვიპოვე). ამ ფაიზერით აიცრა ზუსტად უკვე ისრაელის დიდი უმეტესობა, და ქვეყანა გაიხსნა, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ პრაქტიკულად.

ამ ყოველივეს რამოდენიმე აშკარა მიზეზი აქვს:

1. გენეტიკურად და კულტურულად (ადათ-წესებით) სიახლისადმი ფრთხილი ხალხი ვართ. რატომ? იმიტომ რომ ისტორიულად ასე იყო - როგორც წესი გარედან შემოსული რაიმე უცხო და სიახლე - დამპყრობელი და შარი იყო ჩვენთვის. ვინც არ ფრთხილობდა - გადაშენდა. სიახლისადმი ფრთხილმა ხალხმა დატოვა ფრთხილი შთამომავლობა (ჩვენ). ამერიკელები იმ “ნარჩევი” ევროპელების შთამომავლები არიან ვინც შუა საუკუნეებში ჩასხდნენ გემებში და სიახლეების საძიებლად ამერიკის კონტინენტზე გადასახლდნენ. ერთი ტიტანიკის ჩაძირვას ამერიკაში მიგრაცია არ შეუჩერებია. განსხვავებაც სახეზეა ვაქცინაციის პროცესში.

2. უნდობლობა მთავრობის მიმართ ასევე მოსახლეობსი მნიშვნელოვან პროცენტში. ეს არც პოლიტიკური განცხადებაა, არც ექსკლუზიურად მიმდინარე მმართველ პარტიას ეხება. ეს არის ქვეყანაში ათწლეულობის განმავლობაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპი რასაც ბევრი მიზეზი აქვს (ზოგი მართალი, ზოგი უსაფუძვლო). საქმე იმაშია, რომ არ შეიძლება ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, წინა ან მიმდინარე მთავრობის დასაწუნი საქმიანობა დავაკავშიროთ ვაქცინაციასთან. აქ მთავრობა პრინციპულად განსხვავებულს არ აკეთებს ვიდრე ამერიკის, ან ევროპის ან ისრაელის მთავრობა - ყიდულობს ვაქცინას და სთავაზობს მოსახლეობას. ამიტომ ვეცადოთ ფსიქოლოგიურად გავმიჯნოთ ჩვენი დამოკიდებულება თუ იმიჯი მთავრობის ნებისმიერი სხვა საქციელისგან (მაგალითად მეწყერზე როგორ ჯებირს აშენებენ) და ვაქცინაციისგან.

3. არ ვიცი რანაირად ვთქვა შელამაზებულად რომ ის კონტიგენტი ვისთვისაც ვწერ ამ პოსტს უფრო არ დაიბოღმოს, მაგრამ რისკების შეფასების საკმარისი აღქმა არ არის საზოგადოების მასაში, და არც მათ ენდობიან ვისაც ეს უნარი აქვს (ან აღარ იციან ვის ენდნენ). რამოდენიმეჯერ ყური მოვკარი - ამ ნევროლოგმა ნეტა რა იცის ვაქცინებისო. საქმე იმაშია რომ ექიმობაც კი არ ჭირდება ამ საქმეს. ამას ჭირდება ერთადერთი რამ: სანდო წყაროდან სტატისტიკის მიღება (რაზეც პრინციპში თითქმის ყველას აქვს წვდომა, თუმცა ანვანწიურული და დაუსაბუთებელი “სენსაციები” უფრო გვიზიდავს) და ჯანსაღი გაანალიზება (პარანოიული წარმოდგენების გარეშე როგორიცაა დაჩიპვა) - ანუ რამდენს დაემართა კოვიდი და რამდენი იმსხვერპლა და დააინვალიდა სამუდამოდ, და მეორეს მხრივ რამდენი მილიონი აიცრა უკვე მსოფლიოში, და იქედან რამდენს ამოუვიდა რქები ან 5G ანტენა შუბლზე. ეს, ძალიანაც რომ უნდოდეს ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას დამალოს - შეუძლებელია, თითქმის ყველას აქვს სოციალურ მედიასთან წვდომა და უცებ გავრცელდებოდა ყველა სავალალო შედეგი (როგორც ჩვენს ქვეყანაში ეს ერთადერთი შემთხვევა).

უკვე მრცხვენია ვინმეს ვაქცინა ვთხოვო საქართველოსთვის. აქამდე ვეუბნებოდი არ გვაქვს ვაქცინა, ვიხოცებით, გვიშველეთ თქო. აწ ყველასთვის წვდომადი ინფორმაციაა ქვეყანაში რამდენი ვაქცინა შემოვიდა, და იქედან მოსახლეობამ 10%-იც კი ვერ აითვისა ჯერ, და რო ნახონ სტატისტიკა - ვაქცინასაც დავკარგავ და ნდობასაც მომავლისთვის.

ჩემი მშობლები ხვალ იცრებიან და პრინციპულად ასტრაზენეკით. რატომ? იმიტომ, რომ ვფიქრობ ის მათთვის საუკეთესო არჩევანია და არაა პრაქტიკული განსხვავება, ამ ეტაპზე ცნობილი ინფორმაციით ამ ორ ვაქცინას შორის. “აბა ის ექთანი რომ გარდაიცვალა?”. ამაზე ძალიან მარტივი პასუხია ანალოგიის პრინციპით: საქართველოში რომ ვიყავი ერთი ახლობლის ახალგაზრდა ვაჟი გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში BMW-ს მარკის ავტომობილში. ეგ ხომ არ ნიშნავს რომ BMW ან ცუდი მანქანაა, ან ოპელზე ნაკლებად იცავს მგზავრებს ავარიის დროს? ვეცადოთ შევხედოთ საერთო სურათს და მიზეზს, და არა ერთეული ფაქტი განვაზოგადოთ.

და ბოლოს, 529 ლიტრიანი მაცივარი კი არა ქამარზე ჩამოსაკიდი თერმოსი რომ მეჩუქებინა კახეთისთვის - ისიც ეყოფოდა ვაქცინის შესანახად როგორც ჩანს ისეთი ცოტა იცრება. ვფიქრობ შემდეგი რა შეიძლება გავაკეთო და ჯერჯერობით აზრი არ მომდის,'' - აღნიშნავს ექიმი პოსტში. 

წაიკითხეთ სრულად