Baby Bag

„სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ“

„სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ“

მწერალი და  ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე საქართველოში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის უმ­ძი­მეს შე­დე­გებს სოციალური ქსელით ეხ­მიანება. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

წლების წინ ერთი კარგი თანამშრომელი გვყავდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ცხადია, ის ბიჭი ახლაც კარგი ბიჭია, უბრალოდ ჩვენთან აღარ მუშაობს. არ მუშაობს იმიტომ, რომ ყველამ ერთად გამოვცადეთ, რას უშვება ადამიანს ეს დიდი და საშინელი მიჯაჭვულობა - აზარტული თამაშების მონობა ანუ ლუდომანია. დავინახეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ ერთი დაუკვირვებელი შეხედვით, უწყინარმა გართობამ, სხვა მხრივ, სრულიად ჯანსაღი ადამიანი. დავინახეთ, რომ უკვე რაღაც რელიგიასთან გათანაბრებულ ექსტაზს დაემსგავსა ეს გზა - სხვები, უბრალოდ აღარ ვარსებობდით და თუ ვარსებობდით, ამ ყველაფრის დროებით ინსტრუმენტად - 100 ლარის მსესხებლად. არასდროს ვიტყვი, არც ამ ადამიანის სახელს და არც იმას - სად მივიდა მისი ,,ფანტაზია". არ ვიტყვი, მათ შორის იმიტომაც, რომ მგონია - მას აქვს უკან დაბრუნების შანსი - ცხოვრებაში და ბიბლიოთეკაშიც.

ცხადად მესმის, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა იქამდე, სანამ სხვას არ აზარალებს. ზოგადი დათქმით და უჩარჩოო ფიქრითაც ასეა - უნდა მოწევს, უნდა თავს მოიკლავს და უნდა ითამაშებს.

მაგრამ კიდევ უფრო ცხადად მესმის და მჯერა, რომ ჩვენ - სხვა დანარჩენი ადამიანები თანაგრძნობის არსებები უნდა ვიყოთ. უნდა ვეცადოთ და იმ სივრცეში, სადაც ჩვენი ხმა ფასობს, უარი ვუთხრათ ამ მოუთოკავ სენს. ვიცით, რომ ვერ დავამარცხებთ და სულ იარსებებს, მაგრამ მანძილს მაინც შევუზღუდავთ.

ოპერატორი სანდროს ამბავი დიდ გაფრთხილებად უნდა იქცეს. თუ რამე არ ვარ, მორალისტი და მორალიზმით დაავადებული. არც იმას ვკიცხავ, ვინც თვეში ორჯერ ტოტალიზატორში 10 ლარს დებს და შეიძლება მოგებული ოცი ლარით, დამატებით პროდუქტს ყიდულობს. მაგრამ იქ, სადაც ადამიანები თავს კარგავენ, სადაც სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხშირად იმართება ღონისძიებები, სადაც მათ შორის აზარტული თამაშების რეკლამასაც მოკრავთ თვალს. ჩვენ, ამიერიდან, გადავწყვიტეთ და ამგვარ ბანერებს აღარ განვათავსებთ. ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს წვეთიც, ვინმე მწყურვალს დახრჩობას აარიდებს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ვირუსული ინფექცია უკან არ იწევს, ჯერ არაა ვაქცინა... გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელიწადი''

,,ვირუსული ინფექცია უკან არ იწევს, ჯერ არაა ვაქცინა, ერთადერთ იარაღად პრევენციული ღონისძიებები რჩება. გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელიწადი,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს, რომ ყველგან, უკვე არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც და ეს 5 რეკომენდაცია გაითვალისწინოს:

„მოსახლეობა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს, რომ ყველგან, უკვე არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც.სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხდება, ​ვატაროთ პირბადე. 

მეორე პრევენციული ღონისძიებაა დისტანცია, საუკეთესოა, 1.5-2 მეტრიანი დისტანციის დაცვა. 

მესამე, მთავარი რეკომენდაცია - ეს არის ხელების ხშირი დაბანა და ზოგადი სანიტარული წესების დაცვა, ​ხელების ხშირი დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით ყველგან, სადაც ამის საშუალება არის.  

მეოთხე - ყველა შეკრება უნდა იყოს შეზღუდული, მაქსიმუმ 6-10 ადამიანი და უფრო ხშირად ღია სივრცეში. 

მეხუთე და ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, თავის არიდება ყოველგვარი დიდი თავშეყრებისგან, იქნება ეს სადღესასწაულო, სარიტუალო თუ სხვა, რადგან ეპიდაფეთქებების წყარო სწორედ ის გახლავთ, რომ დიდ თავშეყრებზე არ ხდება პრევენციული ღონისძიებების დაცვა.

ყველა ეპიდაფეთქება, რაც გვქონდა, დიდი შეკრებებისა თუ დღესასწაულების გამოძახილი იყო, რომელიც გვქონდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. უმორჩილესად გთხოვთ, ვირუსული ინფექცია უკან არ იწევს, ჯერ არაა ვაქცინა, ერთადერთ იარაღად ეს 5 პრევენციული ღონისძიება რჩება. გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელიწადი“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ. 

👉„სინამდვილეში, კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე და სიყოჩაღეზე ვართ დამოკიდებულები“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

👉,,დიაგნოზის დასმის შემდეგ ზოგს მაინც არ სჯერა კორონავირუსის არსებობის, ეს არის საოცრება''

წაიკითხეთ სრულად