Baby Bag

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე დაკავებულ შვიდივე პირს გირაო შეეფარდა

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე დაკავებულ შვიდივე პირს გირაო შეეფარდა

ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით დაკავებულ შვიდივე პირს გირაო შეეფარდა, - ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ​ავრცელებს.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, დაკავებულებისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების საკითხი ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

„დაკავებულ პირთა შესახებ ქვემო ქართლის რაიონულმა სასამართლომ უკვე იმსჯელა და მათ საპატიმრო გირაო შეუფარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდის შემდეგ დაკავებულები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან და სასამართლო განხილვებს გარეთ დაელოდებიან. გირაოს შეფარდებას არ ეთანხმება პროკურატურა. სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარე, პატიმრობას ითხოვდა. საგამოძიებო უწყებას, სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასმართლოში აქვს გასაჩივრებული“,  - აცხადებენ პროკურატურაში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა არასრულწლოვნით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი ​დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის იყვნენ ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გასულ წლებში ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ერთმანეთში.

ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა ფეხმძიმობის პერიოდში შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.

საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, -  აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მეორე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს ვარჯიშები ყველა დედამ ჩვილს აუცილებლად უნდა ჩაუტაროს - ფიზიკური თერაპევტის მაია ხვიჩიას რჩევები მშობლებს

ეს ვარჯიშები ყველა დედამ ჩვილს აუცილებლად უნდა ჩაუტაროს - ფიზიკური თერაპევტის მაია ხვიჩიას რჩევები მშობლებს

ფიზიკურმა თერაპევტმა მაია ხვიჩიამ მშობლებს ბავშვისთვის სასარგებლო საინტერესო ვარჯიშები გააცნო, რომლის შესრულება სახლის პირობებშიც მარტივად არის შესაძლებელი:

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვილებს ხშირად აწუხებთ მუცლის შებერილობა და ეს ვარჯიში ამ შემთხვევაში ძალიან დაგვეხმარება. ტერფების დამუშავება შეგვიძლია ნაზი ხელსმით გავაკეთოთ. აუცილებლად ვეფერებით ჩვენს შვილს. ერთი, რაც არ შეიძლება, შიდა ზედაპირებზე არ ვეხებით. მხოლოდ გარედან ვაკეთებთ მასაჟს. ყველა მშობელი ამბობს, რომ მასაჟის მერე გადასარევად სძინავს ბავშვს.“

მაია ხვიჩიას თქმით, მასაჟი კანის სიმშრალის წინააღმდეგ ძალიან ეფექტიანი საშუალებაა:

„ახლა ძალიან ხშირია კანის სიმშრალე ბავშვებში და ათას დამატენიანებელ საშუალებას ვხმარობთ, მასაჟი საოცრად კარგად მოქმედებს, იმიტომ, რომ ცხიმქვეშა ქსოვილზე ვმოქმედებთ და ეს იწვევს კანის დატენიანებას.“

„მშობლებს შეუძლიათ ბურთის შეძენა. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ბურთზე ვარჯიში. ბაყაყის პოზაში ვაჯენთ ბავშვს ბურთზე. ვაკეთებთ ცურვის იმიტაციას. სამი თვიდან უკვე შეგიძლიათ ბავშვი ბურთზე ავარჯიშოთ,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ხვიჩიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად