Baby Bag

როგორია 2020 წელს ბაღებისა და სკოლების შემოწმების შედეგები? - სურსათის ეროვნული სააგენტო

როგორია 2020 წელს ბაღებისა და სკოლების შემოწმების შედეგები? - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლს განაგრძობს. შემოწმების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, მოწმდება როგორც საჯარო, ასევე კერძო ობიექტები.

2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში უკვე განხორციელდა 800-მდე, ხოლო სკოლების კვების ბლოკებში ჩატარებულია 70-მდე სახელმწიფო კონტროლი. შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა აღინიშნა, თუმცა, არცერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და ბიზნესოპერატორებს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის, განცხადებით, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება სააგენტოს პრიორიტეტია და ინსპექტირებების ინტენსივობა მიმდინარე წელს კიდევ გაიზრდება. „აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ გაზრდილი კონტროლის და გაცემული რეკომენდაციების შედეგად, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ვითარება ყოველწლიურად უმჯობესდება, რაც შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგია“ - აღნიშნა ვასილ ბასილაძემ.

შემოწმებისას ყურადღება ექცევა: კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, რეცხვა/დეზინფიცირებას, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის (ინფრასტრუქტურის) მდგომარეობას, სურსათის დამუშავებისა და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს, ეტიკეტირებას, სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას.

შეიძლება დაინტერესდეთ

დამაიმედებელი სტატისტიკა - კოვიდინფიცირებულების რაოდენობა ბოლო 24 საათში მნიშვნელოვნად შემცირებულია

დამაიმედებელი სტატისტიკა - კოვიდინფიცირებულების რაოდენობა ბოლო 24 საათში მნიშვნელოვნად შემცირებულია
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 28 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

​„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 955 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 814 PCR ტესტით.

​ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 222 143-ს.

​ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 766 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 206 313-მდე.

​სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 418 პირი ემსხვერპლა.

​დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 257 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 16, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

​ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 386, საიდანაც, 5 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 608, აჭარაში - 508, იმერეთში - 1 092. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 019 პირი, მათ შორის, თბილისში - 512, აჭარაში - 100, იმერეთში - 216. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 34, იმერეთში - 57. 1 311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 489 - თბილისში, 578 - აჭარაში, 94 - იმერეთში. 6 451 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

​საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 427 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 198, აჭარაში - 135, ხოლო იმერეთში - 13.

​სულ 6 ოქტომბრიდან - 27 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 21 021 პირი.

​ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 123 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 102 პირი, აჭარაში - 3 165, იმერეთში - 4 326“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

წაიკითხეთ სრულად