26 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესია გაიმართება. სესიაზე იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგებლობით ნუსხაში, ქართული ჭიდაობის შეტანის საკითხი განიხილება. აღნიშნული საკითხის განხილვა, 28 ნოემბერს არის ჩანიშნული.
იუნესკოს მე-13 სესიას ქართული დელეგაციაც დაესწრება, რომლის შემადგენლობაში არიან: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ამავე სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ვარძელაშვილი, საქართველოში იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი.
2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს, კი პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. შემდგომ, აღნიშნული საკითხი, გადაიგზავნა იუნესკოში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის მიზნით.
ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს „ალავერდის“ კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს.
ამგვარად, ქართული ჭიდაობა ჩვენი ერის იდენტობის განმსაზღვრელი და თვითმყოფადობის გამოხატულებაა.
ქართული ჭიდაობა 200-მდე ილეთსა და კონტრილეთს ითვლის; კლასიფიცირებულია ექვსი ძირითადი დარგი: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები და კისრულები. მუსიკალური აკომოპანიმენტი ქართული ჭიდაობის ორგანული და განუყოფელი ნაწილია.
დღემდე, იუნესკოს კულტურული მემკვიდერობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილია სამი ქართული არამატერიალური ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.) , ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.)