ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, რომლებიც ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდათ, არავითარ კორონოვირუსზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არასრულწლოვნებს, რომლებიც ოჯახთან ერთად მოგზაურობდნენ და იყვნენ ყაზბეგში, ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია და რესპირატორული მოვლენების მცირე გამოვლინება. ამის გამო მიზანშეწონილად ჩაითვალა კონსულტაცია და შემდგომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანებით ისინი ოჯახთან ერთად გადმოიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც ინფექციური საავადმყოფოდან გვაქვს ინფორმაცია, იქ ჩატარდა სწრაფი ლაბორატორიული გამოკვლევა, ე.წ. სწრაფი ტესტი და ამ ბავშვებთან დადგინდა „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ამიტომ არავითარ კორონავირუსზე იქ საუბარი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, აღებულია ნიმუშები ე.წ. მოლეკულური კვლევისთვის, რომელიც მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში და მას სჭირდება რამდენიმე საათი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წაიკითხეთ სრულად