„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:
,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5085
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
,,სწორედ აქ სცოდავს ქართული მედიცინა'' - თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის დროს ანტიბიოტიკების გამოყენებაზე საუბრობს
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის დროს ანტიბიოტიკების გამოყენებაზე საუბრობს. მისი თქმით, ანტიბიოტიკების მიღება კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის საწყის ეტაპზე არ არის საჭირო, რადგან არ არის ბაქტერიებთან კავშირში, ეს არის სუფთა ვირუსული პნევმონია უშუალოდ კოვიდის ვირუსით გამოწვეული:
,,საქართველოში განსაკუთრებით უყვართ ანტიბიოტიკების გამოყენება და მასიურად ინიშნება. კოვიდის დროს თუ ადამიანი უსიმპტომოა, მაშინ პნევმონია არა აქვს, მაგრამ თუ საშუალო ან მძიმეა პაციენტია, მათ ყველას აქვთ სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ფილტვების ანთება, რომელიც რენტგენზე ან კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ფიქსირდება. თუმცა ეს პნევმონია, დასაწყისში მაინც არ არის ბაქტერიებთან კავშირში, ეს არის სუფთა ვირუსული პნევმონია უშუალოდ კოვიდის ვირუსით გამოწვეული. მთავარი პრინციპი ის არის, რომ ამ სტადიაზე ანტიბიოტიკები არ უნდა გაკეთდეს. სწორედ აქ სცოდავს ქართული მედიცინა. როგორც კი პნევმონიას დააფიქსირებენ, ექიმები თავს იზღვევენ და რაც უფრო ნაკლებად გამოცდილია ექიმი, მით უფრო მეტად იზღვევს თავს და ნიშნავს ანტიბიოტიკებს. ანტიობიოტიკები უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ არის დადასტურებული ან მაღალი ალბათობა, რომ პაციენტს განუვითარდა ბაქტერიული ინფექცია,'' - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.