Baby Bag

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ექვსწლიანი ავტორიზაცია მიენიჭა. ამასთან, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, IBSU-მ პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა.

უნივერსიტეტის რექტორის ილიას ჩილოღლუს თქმით, უნივერსიტეტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართავს განცხადებით, რათა მომავალ სემესტრში სტუდენტებს, რომლებმაც წელს მათთან ჩააბარეს, შესაძლებლობა ჰქონდეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება ერთი წლის ვადით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, შეუზღუდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, შეზღუდვა იმ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი იდგა და რაც მათი აზრით, სასწავლო პროცესს სერიოზულ რისკებს შეუქმნიდა.

700 000 ლარი, რომელსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შემოსავლების სამსახური ედავებოდა, IBSU-ს ადმინისტრაციამ 26 აგვისტოს გადაიხადა. თანხის გადახდიდან რამდენიმე თვეში ავტორიზაციის საბჭომ ისევ იმსჯელა სტუდენტების მიღების უფლების საკითხზე და უნივერსიტეტს ეს უფლება მისცა.