Baby Bag

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვფიქრობ, საბავშვო ბაღებს რაღაც დროით მოუწევთ მოცდა, რათა უფრო უსაფრთხოდ გაიხსნას“

„ვფიქრობ, საბავშვო ბაღებს რაღაც დროით მოუწევთ მოცდა, რათა უფრო უსაფრთხოდ გაიხსნას“

„ვფიქრობ, რაღაც დროით მოუწევთ მოცდა საბავშვო ბაგა-ბაღებს, რათა უფრო უსაფრთხოდ გაიხსნას, ვიდრე ახლა გავხსნათ და შემდეგ ისევ დასაკეტი გაგვიხდეს ყველაფერი. ამიტომ მიზანშეწონილია, საბავშვო ბაღები სკოლებში სწავლის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიხსნას,“ - აღიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ვფიქრობ, რაღაც დროით მოუწევთ მოცდა საბავშვო ბაგა-ბაღებს, რათა უფრო უსაფრთხოდ გაიხსნას, ვიდრე ახლა გავხსნათ და შემდეგ ისევ დასაკეტი გაგვიხდეს ყველაფერი. ორკვირიანი ინტერვალი არის ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი კრიტიკული პერიოდი შეზღუდვების მოხსნებს შორის, რადგან ორი კვირა არის ის პერიოდი, რომელიც ავლენს, თუ რამე გაუარესება გამოიწვია კონკრეტული შეზღუდვის მოხსნამ. ამ შემთხვევაში, როდესაც სკოლებს გავხსნით 15 სექტემბერს, რაც სერიოზული გამოწვევაა და უნდა ვეცადოთ, რომ სკოლები დავალაგოთ და სკოლების ეპიდემია ვაკონტროლოთ, ამასთან ერთად კიდევ ერთი დამატებითი დიდი ჯგუფის გახსნა, როგორიც საბავშვო ბაღები იქნება, გარკვეულწილად იქნება სარისკო. ამიტომ აჯობებს ზომიერი და გარანტირებული გახსნის სტრატეგია გამოვიყენოთ. მესმის, რომ ეს გარკვეულ უხერხულობას იწვევს, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რაც ეპიდემიოლოგიურ რეკომენდაციებს ემაყრება“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​1tv.ge

წაიკითხეთ სრულად