Baby Bag

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე, მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ვიყო მხნედ“ - თენგიზ ცერცვაძე

„ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე, მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ვიყო მხნედ“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მკურნალობას სახლში აგრძელებს. როგორც ის ფეისბუქის გვერდზე წერს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა - აქვს თავის და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მისი მეუღლე, ანა თოფურია, თავს უკეთ გრძნობს. გთავაზობთ თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ წერილს:

„ცოტა მეუხერხულება ჩემს შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია და შეუძლებელია ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხო აქ დავწერ: ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ-ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე.

მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. მაგალითად: გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ფეისბუქში დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით - ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს - ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს. ღამით სხეულის ტემპერატურა 37.1 გრადუსი ჰქონდა. უმნიშნელოდ აწუხებდა ყელის და სახსრების ტკივილი.
თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, მკურნალობას სტაციონარში გავაგრძელებ...
სულ ეს არის და ეს...
გაუფრთხილდით თავს და გისურვებთ ჯანმრთელობას...“ - წერს თენგიზ ცერცვაძე.

წაიკითხეთ სრულად