Baby Bag

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნუ ესხმით თავს და შეუგნებლებად ნუ გამოგყავთ ისინი, ვისაც შვილების სკოლაში და უნივერსიტეტებში დაბრუნება უნდა“ - მაია ბუწაშვილი

„ნუ ესხმით თავს და შეუგნებლებად ნუ გამოგყავთ ისინი, ვისაც შვილების სკოლაში და უნივერსიტეტებში დაბრუნება უნდა“ - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სკოლების გახსნა/დაკეტვასთან დაკავშირებით მშობლების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულების შესახებ წერს. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:
„კარგია, რომ იმ მშობლებს, ვისაც კატეგორიულად არ მოსწონთ სკოლების გახსნის იდეა, უფლება ეძლევათ ონლაინ რეჟიმი აირჩიონ.
გარკვეული აფეთქებები სკოლების გახსნასთან დაკავშირებით შეიძლება გვქონდეს კიდევაც, მაგრამ დასაფიქრებელია რამდენიმე მომენტი:
- სკოლების დაკეტვის უმთავრესი მიზანია, შევამციროთ ბავშვების, როგორც ვირუსის გადამტანების როლი. როგორც ყველამ ვიცით, კორონავირუსის ზემოქმედება ბავშვების ჯანმრთელობაზე მინიმალურია (ნაკლებიც კი, ვიდრე სეზონური გრიპის, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მცირე ასაკის ბავშვებია. სეზონური გრიპის დროს კი სკოლებს არ ვკეტავთ).
- თავისთავად, ეს მიზანი ნამდვილად გამართლებულია,
რადგან ბავშვებმა შესაძლოა, დააინფიცირონ ხანდაზმული და მაღალი რისკის ჯგუფების ოჯახის წევრები.
- თუმცა უცნაურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ ისინი, ვისაც ბავშვებისგან ვიცავთ (ანუ ხანდაზმულები და მაღალი რისკის პირები), თვითონ არ არიან ჩაკეტილები.
- ბებია-ბაბუები ხშირად მუშაობენ და მათი სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობს
- ასევე მუშაობენ ქრონიკული დაავადებების მქონე ოჯახის წევრები
- ისინი ასევე დადიან მაღაზიებში, ბაზრებში, რესტორნებში. ნუთუ რისკი არსად არ არის და მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ დააინფიცირონ? ცოტა ლოგიკას მოკლებულია.
- ასევე მუშაობენ ამ ბავშვების მშობლები ხალხმრავალ ოფისებში, ბაზრობებზე და სხვა, დადიან ბევრ სხვა სარისკო ადგილებში.
- ანუ ყველა დადის გარეთ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე და მაინცდამაინც მოსწავლეები და სტუდენტები (კიდევ ვიმეორებ, რომელთა ჯანმრთელობასაც დიდი საფრთხე არ ემუქრება) უნდა იყვნენ სახლში იმათ დასაცავად, ვინც თვითონ მუდმივად იმყოფება ინფიცირების რისკის ქვეშ? ნამდვილად მოკლებულია ლოგიკას.
- ამიტომ სკოლების და უნივერსიტეტების დაკეტვას მაშინ აქვს აზრი, თუ საერთო სურათის ნაწილი იქნება, ანუ თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და სამსახურებიც დაიკეტება. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ ბავშვების/სტუდენტების ჩაკეტვა ეპიდსიტუაციას ვერ შეამსუბუქებს. (აქვე დავაკონკრეტებ, რომ მე არ ვამბობ, ყველაფერი უნდა ჩაიკეტოს-მეთქი). ვკეტავთ მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლები და უნივერსიტეტები ყველაზე ადვილი დასაკეტია?
- აქვე მინდა დავამატო, რომ სკოლებში/უნივერსიტეტებში დაბრუნდნენ ქვეყანათა უმრავლესობაში.
- ინფექცია სკოლების დაკეტვის ფონზეც აღმავალ რეჟიმშია. წარმოვიდგინოთ, სკოლები სრული დატვირთვით რომ ამუშავებულიყო სექტემბრიდან, ინფიცირებულების ამჟამინდელ რაოდენობას სულ ამას დავაბრალებდით, რაც, სინამდვილეში არ იქნებოდა სწორი.
- მაშინ, თუ მთავარ მიზანს ვერ ვაღწევთ და პანდემია თავის გზას მიუყვება, რატომ უნდა იყვნენ ბავშვები სახლში? რატომ უნდა მატულობდეს პროგრესულად თავის ტკივილით და მხედველობის დაქვეითებით შეწუხებული ბავშვების/მოზარდების რაოდენობა? აღარაფერს ვამბობ განათლების სრულიად დაქვეითებულ ხარისხზე, რომელიც ისედაც არ ბრწყინავდა.
- რატომ უნდა იყვნენ მუდმივ სტრესში სამსახურში წასული მშობლები იმაზე ფიქრით, რას შვრებიან კომპიუტერთან ან მობილურთან მარტო დატოვებული ბავშვები (ისიც იმ შემთვევაში, თუ კომპიუტერის და მობილურის ფუფუნება აქვთ, თანაც ზოგჯერ ოჯახში რამდენიმე ასეთის საჭიროებაა და კიდევ ერთი სტრესია იმაზე ფიქრი, ვისზე გაანაწილონ ეს ტექნიკა).
- ამიტომ გთხოვთ, ისინი, ვისაც აქვს შესაძლებლობა და კომფორტი, სახლში ეჯდეს თავის შვილებს, ჩაურთოს რამდენიმე ძვირადღირებული ლეპტოპი, ცალკე ბინაში გახიზნული ჰყავდეს ბებია-ბაბუა, რომელსაც არ სჭირდება ბაზარში სიარული (და ბაზრის სამჯერ შემოვლა, რომ რამე იაფად იშოვოს) და პროდუქტებს ფინანსურად წელში გამართული ოჯახის წევრები აწვდიან, ნუ ესხმით თავს და შეუგნებლებად ნუ გამოგყავთ ისინი, ვისაც შვილების სკოლაში და უნივერსიტეტებში დაბრუნება უნდა,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

წაიკითხეთ სრულად