Baby Bag

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,როგორც მოსალოდნელი იყო, უცნობი ვირუსი ისევ აგრძელებს სურპრიზებს, აქამდე პედიატრები მშვიდად რომ ვიყავით...''

,,როგორც მოსალოდნელი იყო, უცნობი ვირუსი ისევ აგრძელებს სურპრიზებს, აქამდე პედიატრები მშვიდად რომ ვიყავით...''

სარანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ექიმი ბავშვებში ბოლო დროს გავრცელებულ უცნობ ვირუსზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,კოვიდ-კავაზაკით დაპანიკებულები მწერენ ინბოქსში. მშობლების ინფორმირებისთვის შემოვიხედე დროებით...

როგორც მოსალოდნელი იყო, უცნობი ვირუსი ისევ აგრძელებს სურპრიზებს, აქამდე პედიატრები მშვიდად რომ ვიყავით, ვიცოდით, ბავშვებში ასიმპტომურად ან მსუბუქი სიმპტომებით მიდის ინფექცია, ხუთი კვირის უკან გამოჩნდა ეს ფენომენი- კოვიდ-19ის მსუბუქი ან ასიმპტომური ფორმის გადატანის მერე ბავშვების ნაწილს განუვითარდა ანთებითი რეაქცია ინფექციურ აგენტზე კავაზაკის მსგავსი სინდრომით (და არა კავაზაკის დაავადება) და თანმდევი სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით, რომლის მკურნალობა შეიძლება დროული ჰოსპიტალიზაციით, ლეტალური გამოსავალი ძალიან იშვიათია. ნუ დაისტრესებით, ყურადღებით იყავით, რომ არ გამოგეპაროთ შემდეგი სიმპტომები:

❗გახანგრძლივებული ცხელება;
❗კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, მუცლის ტკივილი (ზოგჯერ აპენდიკულური სინდრომის მსგავსი), ღებინება, დიარეა;
❗კანის სიმპტომატიკა, გამონაყარი შეიძლება იყოს კავაზაკისთვის სპეციფიური და არასპეციფიურიც;
❗ფარინგიტი, "ჟოლოსებრი" ენა;
❗კონუნქტივიტი;
❗კისრის ადენოპათია;
❗თავის ტკივილი;
❗სხვა რესპირაციული სიმპტომებიც ერთვება ზოგჯერ.

ძირითადი გართულებაა გულის მხრივ- მიოკარდიტი, პერიკარდიტი, კორონალური სისხლძარღვების დაზიანება, რის გამოსარიცხადაც დამახასიათებელი სიმპტომებისა და სისხლში ანთებითი სინდრომის არსებობისას კეთდება გულის ექოსკოპია.

❗რაც მთავარია, მკურნალობას ექვემდებარება, თქვენგან საჭიროა სიფრთხილე, სიმპტომები რომ არ გამოგეპაროთ და დროული ჰოსპიტალიზაცია.

პ.ს. არ მიყვარს წამოძახება "ხომ გეუბნებოდით", ყოველთვის ცუდად და ნიშნისმოგებასავით ჟღერს და ამ კონტექსტში ეს სიმდაბლე და სისასტიკეა, მაგრამ როცა ამდენ ადამიანს ისევ არ სჯერა ვირუსის არსებობა, ეპიდემიის საფრთხე და არაექიმების ზღაპრებს უფრო იზიარებს, ექიმები კი მტრებად შეგვრაცხა, უნდა ითქვას- ხომ გეუბნებოდით, უცნობ ვირუსთან გარისკვა დაუშვებელია, სიფრთხილე არასდროსაა ზედმეტი!

პ.პ.ს. საფრანგეთი ისევ შეცდა, შეზღუდვების მოხსნა ბავშვებით რომ დაიწყო, რასაც ასევე ვამბობდი!'' - აღნიშნავს ქეთი ლობჟანიძე. 

წაიკითხეთ სრულად