Baby Bag

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსით გარდაცვლილი 79 წლის პაციენტი 12-15 კილოს იწონიდა - ლალი ტურძელაძე

კორონავირუსით გარდაცვლილი 79 წლის პაციენტი 12-15 კილოს იწონიდა - ლალი ტურძელაძე

„79 წლის პაციენტი მთელი ეს პერიოდი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, კახექსიური, 12-15 კილოს იწონიდა, მას ჰქონდა მთელი რიგი თანმხლები დაავადებები, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ TV პირველთან საუბრისას განაცხადა.

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ შემოვიდა 31 მარტს უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში. მიმღებშივე იქნა აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი და ასე მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. 79 წლის პაციენტი მთელი ეს პერიოდი იყო უმძიმეს მდგომარეობაში,  კახექსიური, 12-15 კილოს იწონიდა. კახექსია ანუ კუნთების განლევა, როგორც აღნიშნეს, დაეწყო 6-7 თვის წინ და თვითონაც იყო მძიმედ და ამას დაემატა Covid19. ამ დილას გარდაიცვალა... მთელი რიგი თანმხლები, წამყვანი დაავადებები იყო, რომლებსაც კორონავირუსი დაემატა და დადგა ასეთი სამწუხარო ლეტალური შემთხვევა. პაციენტს ჰქონდა კახექსია (ეს იყო მისი ძირითადი დაავადება), გულის ყველა სარქველის უკმარისობა, დილატაციური კარდიომიოპათია - ეს გულის კუნთის უმძიმესი დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, სეფსისი, სეპტიური შოკი, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. საბოლოოდ ყველა ამ დაავადებამ ერთად და პლუს კორონავირუსმა გამოიწვია ლეტალური შედეგი,“ - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად