Baby Bag

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

9 წლის წალენჯიხელ ვუნდერკინდს სიურპრიზი მოუწყვეს

9 წლის წალენჯიხელ ვუნდერკინდს სიურპრიზი მოუწყვეს

9 წლის ქაიან ბელქანიამ, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია სახლში ესტუმრნენ და მოისმინეს მისი შეხედულებები ასტრონომიისადმი.

როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სკოლის წერილისა და დამრიგებელ-მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლის ნიჭიერების შესახებ მონაცემები გადაგზავნილიქნა ივნისის თვეში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ელოდებიან შესაბამის რეაგირებას.

შეხვედრისას პატარა ქაიანმა აღნიშნა, რომ მისი ოცნებაა გახდეს კოსმონავტი. 

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქაიან ბელქანიას დაპირდა, რომ შეუძენს პერსონალურ კომპიუტერს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია კი, სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუწევს ფინანსურ დახმარებას.

წაიკითხეთ სრულად