Baby Bag

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მივიღე გადაწყვეტილება, ავიცრა'' - რომელი ვაქცინით იცრება გიორგი ფხაკაძე?

,,მივიღე გადაწყვეტილება, ავიცრა'' - რომელი ვაქცინით იცრება გიორგი ფხაკაძე?
პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ აცრის გაკეთებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, მან „ფაიზერი-ბიონტეკის“ ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტა და აღნიშნულის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,დღეს მივიღე გადაწყვეტილება, ავიცრა. აქამდე თავს ვიკავებდი, რომელი ვაქცინით ავცრილიყავი, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომელი ვაქცინა იყო უფრო ეფექტური ჩემი ასაკისთვის. გადავწყვიტე, გავიკეთო „ფაიზერი-ბიონტეკის“ ვაქცინა. ავიცრები თვენახევარში, ივნისში, ჩემს დაბადების დღემდე. 28 დღეში მეორე დოზას გავიკეთებ, 5 თვის შემდეგ კიდევ ერთი ნემსის გაკეთება მომიწევს. 

გადაწყვეტილება მივიღე რამდენიმე მიზეზის გამო: 

1. მინდა, ვიყო დაცული, დავიღალე ამ დისტანციების დაცვით, 
2. ასევე მომიწევს მოგზაურობა, აეროპორტებსა და სადგურებში ყოფნა, ამიტომაც ზედმეტ რისკს ვერ გავწევ; 
3. არ მინდა, ვიყო ვირუსის გამავრცელებელი სხვებისთვის, არ მინდა, ჩემ გამო ვინმე იყოს ავად. თუ იქნა საშუალება, როცა ავიცრები ლაივს გავაკეთებ  ან ვიდეოს ჩავწერ და შემდეგ გაჩვენებთ.

მქონდა არჩევანი, ვაქცინა გამეკეთებინა ან ჟენევაში, ამ საფრანგეთში. გადავწყვირე, ავიცრა საფრანგეთში, რადგანაც ჟენევაში იყო 2 ვარიანტი, „მოდერნა“ და „ფაიზერი“ და წინასწარ არ იყო ცნობილი, რომლის რიგი მომიწევდა. ვინაიდან ,,მოდერნასთან'' დაკავშირებით კიდევ არის პასუხგაუცემელი კითხვები, შესაბამისად, ავირჩიე საფრანგეთი და „ფაიზერით“ აცრა. ყველაზე მეტი ინფორმაცია და კვლევა გვაქვს ფაიზერზე.

რაც შეეხება ზოგადად მოგზურობას, საქართველოში თუ აიცრებით „ფაიზერით“ ან „ასტრაზენეკათი“, ევროპაში იმოგზაურებთ, აუცრელობის ან ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში კი კარანტინის გავლა მოგიწევთ. ჩინეთში მხოლოდ ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში შეხვალთ, წინააღმდეგ შემთხვევაში 21 დღიან კარანტინს გაივლი,'' - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ. 

წაიკითხეთ სრულად