Baby Bag

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ანუ რეალურად გამოდის, რომ ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებს“ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ვაქცინის შესახებ

„ანუ რეალურად გამოდის, რომ ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებს“ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ვაქცინის შესახებ

ამერიკაში (ჰოპკინსის უნივერსიტეტში) მოღვაწე ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი მამუკა მაჩაიძე ასტრაზენეკას ვაქცინის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ.  

„მინდა ყველა ჩემს კოლეგას, მეგობარს და ყოფილ სტუდენტს მივულოცო ამერიკის რეზიდენტურაში მოხვედრა, მეამაყება, რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მოდის შტატებში განათლების მისაღებად!

რაც შეეხება ვაქცინებს, მგონია, რომ ბოლო წლის განმავლობაში ყველამ საკმარისად დავკარგეთ საყვარელი ადამიანები იმისთვის, რომ ამჯერად ასტრაზენეკას გამო არ დავინდოთ ერთმანეთი..

მე არც მორალური და არც ეთიკური უფლება მაქვს და არ გავკადნიერდები, რომ რომელიმე ჩემს კოლეგას მოვუწოდო ან არ მოვუწოდო ვაქცინაციისკენ, რა თქმა უნდა ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ემოციას ცოტა ხნით გვერდზე გავწევთ, არ არის ასე რთულად საქმე:

18 მილიონზე მეტი აცრილიდან „თრომბი“ დაუდგინდა 32 ადამიანს; ის, რომ კოვიდით გამოწვეული თრომბი ძალიან ხშირია ამ შემთხვევაში არ არის რელევანტური, რადგან ვაქცინა თუ კოვიდისგან დაგიცავს, თრომბის რისკსაც შეამცირებს, ეს ისედაც ნათელია, აქ ვაქცინის უსაფრთხოებაზეა საუბარი.

ამიტომ შესადარებელი ჯგუფი ამ შემთხვევაში არის ზოგადად „თრომბის“ ახალი შემთხვევები, რაც სქესის და ასაკის მიხედვით იცვლება, მაგრამ საშუალოდ 110-130 შემთხვევაა 100 ათასზე.

ანუ რა გამოდის, ხვალ რომ თეორიულად მსოფლიოს მასშტაბით 18 მილიონი არავაქცინირებული შევამოწმოთ, 15 000-ზე მეტს შეიძლება დაუდგინდეს ,,თრომბი“, ანუ რეალურად გამოდის, რომ ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებს. რა თქმა უნდა, ვუტრირებ, უბრალოდ ამ რიცხვებით ვაქცინა რომ თრომბს დაუკავშირო, ჩემი აზრით, სასაცილოა.

ამიტომ, მე პირადად, ძალიან მიკვირს, ეს რატომ გახდა მიზეზი თუნდაც 2 კვირით ვაქცინაციის შეჩერების (40-ზე მეტი ქვეყანა აგრძელებს სხვათა შორის), რა თქმა უნდა, ეს მე თუ დავთვალე 3 წუთში, როგორღაც გერმანია და საფრანგეთიც მოახერხებდა, ხოდა მალე გაირკვევა, იმედია.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რატომ უნდა დავლოდებოდით ხარისხიან ვაქცინას, რამხელაზეა თამასა აწეული და რამდენ ფილტრს და მარეგულირებელს გადის სანამ ჩვენამდე მოვა. ექსპერიმენტი ამერიკელ და ევროპელ მოხალისეებზე ჩატარდა, ასე რომ საცდელ ვირთხებად, რაც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ ვერ გამოვდგებით..

600 აცრილი და 4000 დარეგისტრირებული ექიმი არის მედპერსონალის ~7%, რაც საშინლად დაბალი რიცხვია, მაგრამ ამას უამრავი მიზეზი აქვს.. ხოდა თუ ასე გაგრძელდა, ერთადერთ ლოგიკურ გზას ვხედავ, რომ პორტალი გაფართოვდეს შემდეგი რგოლისთვის.

ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილ და ჭკვიან კოლეგებს საქართველოში, ვინც აიცრა ან დარეგისტრიდა, არც კი ვაკადრებ, რომ დავამშვიდო, იმიტომ რომ არ სჭირდებათ!

წარმატებები!“ - დასძენს მამუკა მაჩაიძე. 

წაიკითხეთ სრულად