Baby Bag

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა და შეკითხვებია ტელევიზიით გაკეთებულ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ,,კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას"

,,ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა და შეკითხვებია ტელევიზიით გაკეთებულ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ,,კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას"

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ტელევიიზიით გაკეთებულ განცხადებას - ,,კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას" ეხმიანება. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა და შეკითხვებია ტელევიზიით გაკეთებულ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ,,კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას" და რომ თუ ადამიანს სიმპტომები არა აქვს და PCR ტესტით დადებითია, ის არის უბრალოდ ინფიცირებული და მას არა აქვს დაავადება კოვიდი.

სინამდვილეში, ასეთი განსაზღვრება არ არსებობს. ყველა ადამიანი, ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდება კორონავირუსით ინფექცია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გამოხატული სიმპტომები, კვალიფიცირდება, როგორც კოვიდის დიაგნოზის მქონე. ანუ ასეთი გარჩევა, რომ უსიმპტომო არის მხოლოდ ინფიცირებული და სიმპტომიანს აქვს დაავადება კოვიდი, არ არსებობს. მეტიც, შეიძლება, კლინიკურად პაციენტი უსიმპტომო იყოს და ​რადიოლოგიურად აღინიშნებოდეს კოვიდისთვის დამახასიათებელი პნევმონიის სურათი.

უსიმპტომო მიმდინარეობა არის სწორედ რომ კოვიდის ერთ-ერთი ფორმა. შეგახსენებთ, რომ კოვიდის მიმდინარეობა შეიძლება იყოს უსიმპტომო, მსუბუქი, საშალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკული.

აქ ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც გადაიტანენ კოვიდს და შემდეგ დიდხანს PCR ტესტი რჩებათ დადებითი. ასეთ დროს, როგორც ვიცით, ტესტი უბრალოდ იჭერს ვირუსის ფრაგმენტებს და ასეთი ადამიანი აღარ არის დაავადებული და არც გადამდები.

თითქოს ამ განმარტებებს დიდი მნიშვნელობა ადამიანებისთვის არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ზემოხსენებულმა განცხადებამ რატომღაც ძალიან ბევრი კითხვები და პოლემიკა გამოიწვია. ამიტომ გამოვეხმაურე,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. 

წაიკითხეთ სრულად