ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც განცხადებაში სპორტსმენი აღნიშნავს, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და იმის მტკიცებას, რაც ნამდვილად არ ყოფილა.
„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება, 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“, - აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსნებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუა განცხადებით, ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს.
,,ამ წესებით აიცრა უკვე ორი ასეული მილიონი ადამიანი ამერიკაში''
ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით წერს. მის პოსტს MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
,,ხშირად მეკითხებიან, კოვიდ გადატანილზე ერთი თუ ორი დოზა ვაქცინის?
ამერიკული გაიდლაინების მიხედვით ნებისმიერი, ვიმეორებ ნებისმიერი პირი ვაქცინირებულად ითვლება Pfizer-ის და Moderna-ს გამოყენების შემთხვევაში ორივე დოზიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ და J&J-ს გამოყენების შემთხვევაში ერთი დოზიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ. სხვა შემთხვევაში ვაქცინირების დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ მიიღებ. ეგრეთ წოდებული QR კოდიც სწორედ ორივე დოზით ვაქცინირებიდან მე-15 დღეს ხდება ხელმისაწვდომი.
ევროპული ქვეყნების პრაქტიკა ამ მხრივ განსხვავებულია.
თვალსაჩინოებისთვის გაგიზიარებთ ჩემს პირად მაგალითს.
როგორც ქვემოთ ატვირთული ფოტოებიდან შეგიძლიათ ნახოთ 23 ივნისს ჩატარებული ტესტის თანახმად, ჯერ კიდევ აღმენიშნებოდა კოვიდ სპეციფიური IgG და IgM ანტისხეულები. მათ შორის IgG-ს ტიტრი ჩანს რომ საკმაოდ მაღალია (დადებითობის ზღვარი ამ ერთეულებში <9). პირველი დოზით ავიცერი 30 ივნისს და მეორე დოზით 21 ივლისს. ვაქცინაციის პასპორტი ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა მეორე დოზიდან მე-15 დღეს.
როგორც ხედავთ ესსაა სულ რამდენიმე დღის წინანდელი ამბავი. ამ წესებით აიცრა უკვე ორი ასეული მილიონი ადამიანი ამერიკაში.
ვინც ინგლისური იცის, ქვემოთ დავურთე ამონარიდი პროფესიონალური ამერიკული პლატფორმა UpTodate-დან კოვიდგადატანილების ვაქცინაციის წესების თაობაზე.
როგორც ამ წესებიდან ჩანს, კოვიდ-გადატანილს შეუძლია აიცრას დაავადების მწვავე ფაზის ჩამთავრების და იზოლაციის ვადის გასვლისთანავე. იგივე ეხებათ ვაქცინის პირველი დოზის შემდგომ დაინფიცირებულებსაც. ისინიც იცრებიან დაავადების მწვავე ფაზის ჩამთავრების და იზოლაციის ვადის გასვლისთანავე. ჯამში ეს პერიოდი ზოგჯერ ერთ თვეზე ნაკლებ დროსაც მოიცავს. იზოლაცია ამერიკული წესებით მთავრდება პირველი სიმპტომების ან პოზიტიური ტესტიდან 10 დღის გასვლის შემდგომ, ბოლო 72 საათი უნდა იყოს უსიცხო,'' - აღნიშნავს ნანა გეგეჭკორი.