ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც განცხადებაში სპორტსმენი აღნიშნავს, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და იმის მტკიცებას, რაც ნამდვილად არ ყოფილა.
„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება, 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“, - აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსნებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუა განცხადებით, ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს.
,,ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ უნდა ატაროს ნიღაბი''
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეფასებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების მხრიდან დადგენილი წესების მკაცრ დაცვას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან აღსრულების კონტროლს, მათ შორის, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში.
იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 65 %-მდე გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა ატაროს პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ქვეყანას ინფიცირების რაოდენობის შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას მეტ თავისუფლებას მისცემს. მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის დასტაბილურების მიზნით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაანონსებული შეზღუდვების გამკაცრების ან ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად იმართოს კლინიკური სექტორი, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სისტემა და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონარული სერვისები პირველ რიგში სჭირდებათ. მათივე შეფასებით, ვითარების შემდგომი სტაბილიზაციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაწესებული შეზღუდვებითა და ინტენსიური ტესტირებით მიღწეული შედეგების შენარჩუნებას.