ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც განცხადებაში სპორტსმენი აღნიშნავს, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და იმის მტკიცებას, რაც ნამდვილად არ ყოფილა.
„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება, 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“, - აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსნებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუა განცხადებით, ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს.
,,ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც თითო ოროლა არის, სამწუხაროდ გაცილებით მეტი იქნება''
,,კორონავირუსით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც ქვეყანაში თითო-ოროლაა, გაიზრდება, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ დაიცავს'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ვერც ერთ სისტემა ვერ გაუძლებს ერთად ბევრ ავადმყოფს:
„რაღა ვთქვა აღარ ვიცი, რადგან თებერვლიდან მოყოლებული ვიმეორებ და დღეს არის მართლა ის მომენტი, როცა თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული. თუ თითოეული ჩვენთაგანი არ შევიტანთ სულ პატარა წვლილს, რომ პირბადით ვიაროთ ყველგან, ერთმანეთისგან დისტანციას დავიცავთ, დამერწმუნეთ, არაფერი არ გააჩერებს კორონას. ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც თითო ოროლა არის, სამწუხაროდ გაცილებით მეტი იქნება. ჯერ კორონას წინააღმდეგ არაფერი სხვა არ მოუგონია კაცობრიობას, გარდა ორი რამისა - ნიღაბი და დისტანცია. ამას დავიცავთ, კორონა გავრცელდება იქნება იმდენი, რომ მისი მოვლა სისტემას შეეძლება, თუ არადა, ვერც ერთ სისტემა ვერ გაუძლებს ერთად ბევრ ავადმყოფს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.