Baby Bag

ქორწინების რეგისტრაციისას დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი - ბრძანება

ქორწინების რეგისტრაციისას დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი - ბრძანება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის დროებითი წესები განისაზღვრა.

ბრძანების თანახმად, სააგენტოს სერვისები ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის მეშვეობით, რაც, თავის მხრივ, ხორციელდება წინასწარ დაჯავშნის გზით მოქალაქის პორტალზე – my.gov.ge.

ამავე ბრძანებით განისაზღვრა, ვის შეუძლია ქორწინების რეგისტრაციისას დასწრება. დოკუმენტის თანახმად, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ:

  • მათი მშობლები;
  • მოწმეები;
  • ერთი ფოტოოპერატორი. 


​ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა.

იუსტიციის მინისტრის ბრძანების ამ მუხლის ამოქმედებამდე სააგენტო ქორწინების რეგისტრაციას ახორციელებს სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და ადგილზე მომსახურების (შენობის გარეთ მომსახურება) გარეშე.

ეს ბრძანება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა, მოქმედებს 2020 წლის 15 ივლისამდე და ვრცელდება 2020 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ამავე ბრძანებით, ეს დროებითი წესი იმოქმედებს:

ა) თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ – 2020 წლის 29 მაისიდან;

ბ) ქ. თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ – 2020 წლის 31 მაისიდან.

შეიძლება დაინტერესდეთ

ბათუმში ცურვა აიკრძალა

ბათუმში ცურვა აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო განცხადებას ავრცელებს. 

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.

სულ დაფიქსირდა 45 შეტყობინება. გამოძახებების უმრავლესობა შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მოახდინეს დროული რეაგირება.

ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ძლიერი ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. აღნიშნული მისამართების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეცა.

უამინდობის გამო, ამ დროისთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

წაიკითხეთ სრულად