„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს“, - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამა გულისხმობს ტურიზმის მიმართულებით ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ფორუმების ჩატარება და ონლაინ აკადემიის პლატფორმის შექმნა. ასევე, სხვადასხვა პროექტს როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლილიკაშვილმა ხელი მადრიდში მოაწერეს.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უმნიშვნელოვანესი შეთანხმებაა, რომელიც რეგიონალური ტურიზმის სფეროში ქვეყნის განვითარებას, ახალი პროგრამების შექმნას და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო აკადემიის დაფუძნებას გულისხმობს:
„ერთობლივად შემუშავებული ყველა ინოვაციური პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება და მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რადგან საქართველოში ტურიზმი ძალიან სწრაფად ვითარდება და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად განხორციელებული პროექტები, მით უმეტეს განათლების მიმართულებით, ხელს შეუწყობს როგორც ამ სფეროს განვითარებას, ასევე საქართველოს აქცევს ტურიზმის განათლების სფეროში რეგიონალურ ჰაბად“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
წაიკითხეთ სრულად