სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა. როგორც პატრიარქმა აღნიშა, უფლის მსგავსად ყველა ადამიანი უნდა ამაღლდეს.
მე მინდა გაგამხნეოთ და გითხრათ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში იქნება მთელს მსოფლიოში, - ეს მოვლენები, ეს გამოცხადებები, ეს გაჭირვება, განსაცდელი თუ სხვა რამ, ყველაფერი ჩვენთვისაა და უწყობს ხელს ჩვენს ამაღლებას.
დედამიწაზე ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება ეს არის წუთის სოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება.
ხშირად ვიცით თქმა: „ღმერთს ებარებოდეთ!“ სანამ მიწაზე ვართ, ღმერთს უნდა ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში მუდმივად უფალთან უნდა ვიყოთ. ამისთვის კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ჩვენი თავისთვის კი არ ვიცხოვროთ, არამედ სხვებისთვის. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა იცხოვროს სხვისთვის, სხვა გაახაროს; აი ამას გისურვებთ თქვენ. გაიხარეთ ორსავ სოფელსა შინა!
ადამიანი მწუხარებისთვის კი არა სიხარულისთვის არის გაჩენილი. სიხარულისთვის არის მოვლენილი. ღმერთი არის სიყვარული. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ, არ დათრგუნოთ თქვენი გონება; იმედი არ დაკარგოთ. გახსოვდეთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა და ჩვენთანაა, გაიხარეთ. გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ! ჩვენთან არს ღმერთი!“ - განაცხადა პატრიარქმა ილია მეორემ.