კორონავირუსისგან სრულად განკურნებული ქეთი თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„ჩემზე როცა გაიგეს კორონათი დაინფიცირებული ვიყავი და ვეზიარე, რას მიზამდნენ ჟურნალისტები ხომ ხვდებით! ის ორი კვირა მართლა ჯოჯოხეთად მიქციეს, მე ჩემი გაჭირვება მყოფნიდა და ამათი მოგერიების ძალა არ მქონდა! დედას და ჩემს შვილს ყოველდღე სახლში უვარდებოდნენ ჟურნალისტები! ადამიანები მლანძღავდნენ, მკვლელს მიწოდებდნენ, მაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ მე ეკლესიაში ვიყავი. ახლა სად არიან ეს ადამინები, როცა სიმართლე გაიგეს, რომ მე არავისთვის არაფერი გადამიდია! ზიარებით არცერთი ადამიანი რომ არ დაინფიცირებულა! ახლა რატო არ მივარდებით სახლში, რატო არ აკეთებთ ამაზე სიუჟეტს? რატო არ მირეკავთ? ნუთუ, გეწყინათ ყველა ჯანმრთელად რომ არის?! ხომ ხედავთ, ღმერთმა დაგვანახა ყველას, რომ ეკლესია არ არის სახიფათო და მით უმეტეს ზიარება! ჩემი მოძღვარი, რომელიც ასაკიანია და არაერთი ქრონიკული დავადება აწუხებს, არცერთი წამი არ შეშინებულა ამ ვირუსის დავადებით, პირიქით, უფალს ადიდებდა და მადლობდა! გვერდში მედგა და მამხნევებდა, მანუგეშებდა იმის მიუხედავად, რომ ჩემ გამო ჩაკეტეს მონასტერი მომლოცველებისთვის! ქრისტეს მიანდო ჩვენი ჯანმრთელობა და შედეგიც სახეზეა,“ - აღნიშნავს ქეთი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტში.
უახლესი ინფორმაცია გუდაურიდან თბილისში გადმოყვანილ ჩინელ ტურისტებზე, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ
გუდაურიდან თბილისში გადმოყვანილ ჩინელ ტურისტებს წინასწარი მონაცემებით სავარაუდოდ, კორონავირუსი არ ექნებათ, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა ასევე ერთმა ქართველმა მამაკაცმა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება და ის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.
„დღეს იყო ორი ასეთი შემთხვევა: ერთი - მოგვმართა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა, ქართველმა, რომელიც ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა საქართველოში. მან მოგვმართა ტემპერატურის მომატებით, ის თავისი ფეხით მოვიდა და ახლა მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში. რაც შეეხება ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის 9 მოქალაქეს, ისინიც აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ. რამდენადაც ვიცი, 21 იანვარს გამოფრინდნენ იქიდან. მათგან ორს - ბავშვებს, ტყუპებს, აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება. ისინი მოთავსებული იქნებიან ბოქსირებულ განყოფილებაში. ჩავუტარებთ პროტოკოლით გათვალისწინებულ გამოკვლევებს. გავერკვევით, ამ ბავშვებს აქვთ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია თუ ეს არის ჩვეულებრივი რესპორატორული ინფექცია,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში პრევენციისთვის გადაიყვანეს და მათ კორონავირუსის ნიშნები არ აღენიშნებათ.