Baby Bag

„მე ნათია ვარ, პირველი ჯგუფის ინვალიდი და ძალიან მინდა შენთან მეგობრობა. ჯერ ჩემი ფოტოები ნახე და მერე მომწერე – შეგიძლია, იმეგობრო ჩემნაირ ადამიანთან?..“

„მე ნათია ვარ, პირველი ჯგუფის ინვალიდი და ძალიან მინდა შენთან მეგობრობა. ჯერ  ჩემი ფოტოები ნახე და მერე მომწერე – შეგიძლია, იმეგობრო ჩემნაირ ადამიანთან?..“

ავტორი: მაკა ყიფიანი

თუკი ქუჩაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვერ ვხედავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ, ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ჩვენ არ ვუქმნით სათანადო პირობებს, გარეთ რომ გამოვიდნენ, არ ვაგრძნობინებთ მათ, რომ ისინიც ჩვენი სოციუმის წევრები არიან. საქართველოში საკმაოდ ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია, სამწუხაროდ, ისინი ძირითად დროს სახლის პირობებში ატარებენ. დამეთანხმებით, ალბათ, რომ მათი საზოგადოებაში ინტეგრირება, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, რატომღაც წლებია, სათანადოდ მაინც ვერ ხერხდება.

საინტერესოა, არის თუ არა რეალურად მათთვის დასაქმების სპეციალური პროგრამები და თუ ასეა, რატომ არის ეს მხოლოდ ვიწრო წრისთვის ცნობილი?

რატომ არ უზრუნველვყოფთ გარემო პირობებს, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ? და საერთოდ, რა რეაქცია გვაქვს, როდესაც მათ ქუჩაში ვხედავთ? უამრავი კითხვა არსებობს, რომელიც შეიძლება სხვებსაც დაუსვა და საკუთარ თავსაც, თუმცა ვიცი, რომ პასუხი ერთია – „ქვეყანაში ყველაფერი კეთდება მათ დასახმარებლად“. ამიტომ, არავისთვის არაფერი მიკითხავს და გადავწყვიტე, „ერთი გოგოს ისტორია“ გიამბოთ, რომელსაც ჩვენი თანადგომა სჭირდება.

გამარჯობა, მაკა, ხომ არ დაგავიწყდა, რომ გელოდები?

„მე ნათია ვარ, პირველი ჯგუფის ინვალიდი და ძალიან მინდა შენთან მეგობრობა. ჯერ ჩემი ფოტოები ნახე და მერე მომწერე – შეგიძლია, იმეგობრო ჩემნაირ ადამიანთან?..“

„…რომ იცოდე, როგორ გამახარე, რომ დამთანხმდი. ყოველთვის მინდოდა მეგობარი მყოლოდა, რომელსაც გულწრფელად მოვუყვებოდი ჩემზე, მომისმენდა და გამიგებდა. სამწუხაროდ, ჯერ ასეთი მეგობარი არ მყოლია, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი ვარ და არაფერი ვიცი. თუმცა ეს ასე არ არის, მეც ისევე ვგრძნობ, ვხედავ, განვიცდი, მესმის, როგორც სხვები. დედამ ყველაფერი გააკეთა ჩემთვის, რომ თავი განსხავებულად არ მეგრძნო.

შენ, შეგიძლია გამიგო ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები უგებენ და ესაუბრებიან ერთმანეთს? მითხარი, ოღონდ ძალიან გთხოვ, არ მომატყუო. მე არაფერი მინდა, ხანდახან, რომ მომწერო და მომიკითხო ხოლმე. ჩემთვის მთავარია, ადამიანმა მომისმინოს და გამიგოს. მეტი არაფერი. როცა ვგრძნობ, რომ ჩემი განსხვავებულობის გამო ადამიანები ჩემთან ურთიერთობაზე, მეგობრობაზე უარს ამბობენ, ძალიან მტკივა გული. ასეთი ადამიანები ოცნებას მიკლავენ“.

​განაგრძე კითხვა 


შეიძლება დაინტერესდეთ

„მე აუცილებლად წავუკითხავ ჩემს პირველკლასელებს „დედაენას“, მაგრამ ამ სახელმძღვანელოთი ანბანს არ ვასწავლი...“

„მე აუცილებლად წავუკითხავ ჩემს პირველკლასელებს „დედაენას“, მაგრამ ამ სახელმძღვანელოთი ანბანს არ ვასწავლი...“

„მე აუცილებლად წავუკითხავ ჩემს პირველკლასელებს „დედაენას“, მაგრამ ამ სახელმძღვანელოთი ანბანს არ ვასწავლი.


რატომ? მოგახსენებთ:


კითხვის სწავლების დროს მთავარი ფოკუსი მიმართულია სიტყვის დეკოდირებისკენ. რაც გულისხმობს ცალკეული, შესწავლილი ასოების ჯერ გახსენებას, შემდეგ მარცვლად ქცევას, გამთლიანებას (სინთეზს) და ბოლოს, ამოკითხული ბგერებით სიტყვის გააზრებას, თუ რა წაიკითხა.
რთულია, არა?


რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ, რამდენ ოპერაციას ასრულებს ერთი სიტყვის წაკითხვის (გაშიფვრის) დროს ბავშვის ტვინი. 


ამიტომ იძაბებიან ისინი, კითხვის დროს - აქნევენ ფეხებს, სხეულს ამოძრავებენ სხვადასხვა მიმართულებით, სუნთქვა უჩქარდებათ, ძალას ატანენ ნერწყვის ყლაპვას და ა. შ. თითქოს ამით ტვინს აიძულებენ ამ რთული პროცესის დაძლევაში დახმარებას.


ამას დამატებული ჩვენი მკაცრი ტონით ნათქვამი: 


„გააჩერე ფეხები!“ 

„წესიერად დაჯექი და ნუ ცქმუტავ!“

„არ მომწონს, თავიდან!“


ამ დროს ირთვება დაზეპირების მექანიზმი და ბავშვის გონება სწრაფად იმახსოვრებს წინადადების პირველი სიტყვის ლოგოგრაფიულ ხატს. 


წაიკითხავს პირველ სიტყვას ( მისთვის სიმბოლოს) და მაშინვე ჩაარაკრაკებს დანარჩენს. ჩვენ კი კმაყოფილნი იმით, რომ ბავშვმა სხაპასხუპით წაგვიკითხა გაკვეთილი, გვგონია, რომ საქმე გადასარევად გვაქვს და პრობლემას ვერ ვხედავთ.


ახლა წარმოიდგინეთ მოთხრობა, დატვირთული უცხო, ძირითადად აგრარული ლექსიკით, რომელიც ცალკე განმარტებას ითხოვს და ურთულებს პირველკლასელს ტექსტის გააზრებას. 


მეტყვით, რა, არ უნდა იცოდეს ბავშვმა რა არის გუთანი, ჯარა, გობი, თითისტარი?


ცხადია, ეს სიტყვები უნდა ვასწავლოთ, მაგრამ არა პირველკლასელებს, კითხვის სწავლებისას, არამედ მეორე, მესამე კლასში გავუმდიდროთ ლექსიკა ქართული ძარღვიანი სიტყვებითა და გამოთქმებით. ამ დროს, მერწმუნეთ, უფრო ეფექტურიცაა, რადგან 7-8 წლის ასაკის ბავშვი თვითონვე ხვდება კონტექსტში ბევრი სიტყვის მნიშვნელობას. ჩვენი ახსნით კიდევ უფრო გავუმყარებთ ცოდნას.


სიტყვებისა და ფრაზების განმარტება იქით იყოს და ტექსტის ავთენტურობაზეც მოგახსენებთ. ყველასთვის საყვარელ, ერთი შეხედვით, სახალისო „თხა და გიგოზე“ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.


1. „გამოვიდა გიგო სოფლის მოედანზე, ჩამოჯდა კუნძზე“...


თითქოს ყველა სიტყვა ნაცნობია ბავშვებისთვის. მაგრამ ტექსტის კითხვის დროს მასწავლებელმა აუცილებლად უნდა განუმარტოს მოსწავლებს „სოფლის მოედანი“, რომლის მნიშვნელობა თვით სოფელში მცხოვრებმა ბავშვებმა აღარ იციან, მგონი. :)ქალაქელებისთვის კი მოედანი ხელოვნურსაფარიან სტადიონთან ასოცირდება. :)


ცხადია, უნდა განუმარტო და ესარის, რომ ამძიმებს ბავშვის აღქმას, რომლის გონებაც სულ სხვა მიმართულებით მუშაობს ამ დროს.


2. „ გამოექანა შორიდან თხა, დაეჯახა რქებით გიგოს...“


და ამ დროს შეწუხებული ბავშვები:


„მაას, სად შეარჭო რქები?“
„თვალში რომ მოხვედროდა?“


ვიცი, რაც გაიფიქრეთ. დიახ, ჩვენც წაგვიკითხეს თავის დროზე და მსგავსი ემოცია არ გამოუწვევია, გავიცინეთ კიდეც, არა? 


ჰოდა, იქნებ ამაზეც დავფიქრდეთ, ახლა რატომ არ ეცინებათ ბავშვებს ამაზე?


3. დაბოლოს, მინდა ფსიქოლოგებს დავუსვა კითხვა:


ნუთუ, გიგოს საქციელში ხედავთ ასაკისთვის შეუფერებელ ქმედებას? 6 წლის ბავშვმა სხვების დასანახად კითხვის იმიტაცია რომ გაითამაშოს, ეს არაბუნებრივია?


მაშ, რისი მომცემია ტექსტი, რომელმაც დაკარგა ის ფუნქცია, რისთვისაც დაიწერა თავის დროზე?


თქვენ ვერ მომიძებნით „დედაენაში“ ვერცერთ სიტყვას, გამოთქმას და მთლიან ტექსტს, რომელიც გოგებაშვილის დროინდელი ბავშვისთვის უცხო იყო. ყველა მოთხრობა, თავისი ლექსიკით პასუხობდა იმდროინდელ მოთხოვნებს და ითვალისწინებდა ბავშვის შესაძლებლობებს.


ზუსტად ამიტომ არის „დედაენა“ შედევრი.


და მე მას, როგორც ქართველი ერის უდიდეს კულტურულ მონაოვარს, აუცილებლად გავაცნობ ჩემს მოსწავლეებს.“ 


აღნიშული პოსტი მასწავლებელმა ნინო მესხორაძე​მ სოციალურ ქსელში ​„დედაენის“ სკოლებში დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. 

ფოტო: ჟურნალი „თბილისელები“

წაიკითხეთ სრულად