სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ლია ჩხენკელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი - განათლების სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის შესახებ დაწერილი კომენტარის ავტორზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწერილი კომენტარის ავტორი ლია ჩხენკელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი.
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ თითოეული მოქალაქისთვის სრულიად მიუღებელ ინფორმაციას, რომელიც თითქოს საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ არის დაწერილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული სოციალური ქსელის მფლობელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი,“ - განუცხადეს MomsEdu.ge-ს განათლების სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ლია ჩხენკელი, რომელსაც ფეისბუქზე მითითებული ჰქონდა, რომ პედაგოგია (თუმცა ამ ამბის შემდეგ მის პროფილზე ყველანაირი ინფორმაცია წაშლილია) გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული „მთავარი არხის“ გადაცემის მსვლელობისას კომენტარებში წერდა: „ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”.
მის ამ კომენტარს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რექცია მოჰყვა, რის შემდეგაც ლია ჩხენკელმა თავის ფეისბუქ გვერდზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, უწიგნურის ნაცვლად უწყინარი უნდა დაეწერა. თუმცა მისი ეს პოსტი უკვე წაშლილია.
ამ განმარტების შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იგი წერს, რომ ოჯახს და მთელს საზოგადოებას ძალიან დიდ ბოდიშს უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო:
„ოჯახს და მთელს საზოგადოებას ვუხდი ძალიან დიდ ბოდიშს ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო. ჩემი პოზიცია თვალნათლივ ჩანს ყველა ჩემს სხვა კომენტარებში. ასე რომ, მე დავდე პოსტი, გამგები გაიგებს… მეტი რა გავაკეთო. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს,“ - წერს ლია ჩხენკელი.
ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.
მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.
ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.
სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.