Baby Bag

მოძალადე მამის მკვლელობაში ბრალდებულ დებ ხაჩატურიანებს ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

მოძალადე მამის მკვლელობაში ბრალდებულ დებ ხაჩატურიანებს ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

2018 წლის ივლისში, მოსკოვში საკუთარი სახლის კიბეზე მოკლული მიხეილ ხაჩატურიანის გვამი იპოვეს. მამაკაცს კისრისა და გულ-მკერდის არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. მკვლელობის დღეს მიხეილ ხაჩატურიანი ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოწერეს. სახლში დაბრუნებულმა მამამ გოგონების დასჯა გადაწყვიტა, რადგან ჩათვალა, რომ სახლი დალაგებული არ იყო. ის შვილებს სახეში წიწაკის სპრეის ასხურებდა. მიხეილ ხაჩატურიანის უფროსმა ქალიშვილმა, კრისტინამ, რომელსაც ასთმა აქვს, გონება დაკარგა. სწორედ ამ ღამით გადაწყვიტეს დებმა ხაჩატურიანებმა მამის მოკვლა. უფროსი კრისტინა ამ დროს ცხრამეტი წლის იყო, ანჯელინა თვრამეტის, მარია კი ჩვიდმეტის.

ქალიშვილები მძინარე მიხეილ ხაჩატურიანს თავს ჩაქუჩითა და სანადირო დანით დაესხნენ. ერთ-ერთი დის ავდოკატის განცხადებით, მკვლელობის ჩადენამდე გოგონებმა სხეულზე დაზიანებები თავადაც მიიყენეს, რათა ეთქვათ, რომ თავდაპირველად მათი მოკვლა მამამ სცადა, რის შემდეგაც თავის დაცვა გადაწყვიტეს. მამის მოკვლის შემდეგ გოგონებმა პოლიციაში დარეკეს და დახმარება ითხოვეს.

მკვლელობის ჩადენიდან მეორე დღეს გოგონები დააპატიმრეს. მაშინვე გაჟღერდა, რომ ისინი წლების განმავლობაში განიცდიდნენ მამის მხრიდან სექსუალურ, ფიზიკურ და ემოციურ ზეწოლას. გასულ ზაფხულს დებს ბრალი წინასწარგანზრახული მკვლელობისთვის წარუდგინეს, რითაც სასამართლომ სრულად უგულებელყო მათ მიმართ წლების მანძილზე განხორციელებული სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები.

გოგონების მხარდასაჭერად მასობრივი საპროტესტო აქციები დაიგეგმა. ხალხი მათი ბრალის გადაკვალიფიცირებას და დების ძალადობის მსხვერპლებად აღიარებას მოითხოვდა. უფროსი დები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის დროს სრულწოვნები იყვნენ, სასამართლოს წინაშე ერთად წარსდგებიან, ხოლო უმცროსი, რომელიც მამის მკვლელობის დღეს არასწრულწოვანი იყო, განსხვავებული წესით გასამართლდება.

ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი მემარჯვენე ჯგუფები აცხადებენ, რომ გოგონებს კანონი და სასამართლო ვერ იცავს. ისინი მოძალადე მამის ხელში სასიკვდილოდ იყვნენ განწირულები. დებს თავის დაცვა მხოლოდ საკუთარი ძალებით შეეძლოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ წინასწარგანზრახული მკვლელობისთვის სასჯელი ოცწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ინტერნეტში გავრცელდა სატელეფონო შეტყობინებები, რომლებსაც მამა ქალიშვილებს ხშირად უგზავნიდა. ის გოგონებს მოკვლით და გაუპატიურებით ემუქრებოდა:

„ყველაფრის გამო გცემთ, მოგკლავთ. თქვენ მეძავები ხართ და მეძავებივით მოკვდებით.“

ერთ-ერთი დის ადვოკატის თქმით, გოგონებს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ:

„ვფიქრობ, ისინი სხვანაირად ვერ მოიქცეოდნენ. მამამ ისინი სასოწარკვეთაში ჩააგდო, მთელი მათი ცხოვრება ჯოჯოხეთი იყო. მათ ვერ შევადარებთ ჯანმრთელ, სტაბილურ და მშვიდ ადამიანებს. მათ ფსიქიკური პრობლემები აქვთ, პოსტ-ტრავმული აშლილობით იტანჯებიან. საქმის გამოძიების პროცესში ეს არაერთხელ აღინიშნა.“

გასული ზაფხულის შემდეგ არაერთი აქცია გაიმართა, რომელთა მონაწილეები ყოველდღიურად აჟღერებდნენ სლოგანს: „მე არ მსურდა, მოვმკვდარიყავი.“ ისინი დების გათავისუფლებას და შეწყალებას მოითხოვდნენ. 2019 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ ქალების 47, ხოლო მამაკაცების 33 %-ს გოგონების ქცევა კანონიერად მიაჩნდა.

2017 წელს რუსეთში ტრადიციონალისტი ძალების ზეგავლენით კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ოჯახური ძალადობის მსუბუქი შემთხვევების დეკრიმინალიზაცია მოხდა. კანონის მიხედვით, თუ ოჯახში ძალადობა პირველად ვლინდება და მსხვერპლი სერიოზულ დაზიანებებს არ იღებს, მოძალადე არ ისჯება.

თავდაპირველად მასობრივი დემონსტრაციებისა და ხალხის მხარდაჭერის გავლენით საქმე დების სასარგებლოდ შემოტრიალდა. იანვარში პროკურატურამ აღიარა, რომ დები წლების მანძილზე ცემის, მუქარის, შანტაჟის, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ, რის გამოც მათი ქმედება თავდაცვით ხასიათს ატარებდა. პროკურორმა საქმის კვალიფიკაციის შეცვლა და დების წინასწარგანზრახული მკვლელობის ნაცვლად თავდაცვის მიზნით ჩადენილი მკვლელობის გამო გასამართლება მოითხოვა.

მაისში პროკურორმა გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ დები წინასწარგანზრახული ჯგუფური მკვლელობისთვის გასამართლდებოდნენ. მას განმარტებები არ გაუკეთებია, თუ რამ გამოიწვია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა.

დების ადვოკატები აცხადებენ, რომ გოგონები სახელმწიფო პოლიტიკის მსხვერპლად იქცნენ. ისინი თვლიან, რომ რუსეთში უდანაშაულო ადამიანების დაკავება უკვე ნორმად იქცა, გამონაკლისს ამ შემთხვევაში არც დები ხაჩატურიანები წარმოადგენენ.

მომზადებულია ​edition.cnn.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შვილს აჩენ, არავინ ვალდებული არ არის შენი ოჯახის წევრების გარშემო, რომ შენი შვილი გაზარდონ,“- ნატალია ქუთათელაძე

„როდესაც შვილს აჩენ, არავინ ვალდებული არ არის შენი ოჯახის წევრების გარშემო, რომ შენი შვილი გაზარდონ,“- ნატალია ქუთათელაძე

მომღერალმა ნატალია ქუთათელაძემ ბავშვის აღზრდისა და ბავშვზე ზრუნვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილზე ზრუნვა დედისა და მამის ვალდებულებაა:

„მე ვიცოდი, რომ 29 წლის ასაკში როდესაც შვილს აჩენ, არავინ ვალდებული არ არის შენი ოჯახის წევრების გარშემო, რომ მათ გადადონ თავიანთი ცხოვრება და შენი შვილი გაზარდონ. მე ვთვლი, რომ მე და ჩემმა მეუღლემ უნდა გავზარდოთ ბავშვი. დამხმარე ადამიანის გარეშე ფიზიკურად ვერ გავძლებ. არ გამომივა პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი იქნება ჩემს გვერდით, მე მინდა, რომ ის უბრალოდ იყოს ჩემი დამხმარე და არა ბავშვის აღმზრდელი."

„დღევანდელ დღეს, როდესაც ყველას თავისი საქმე აქვს, რთულია თანაბრად გადაანაწილო ბავშვთან ურთიერთობა და საქმე. მე ასეთი განწყობა მაქვს, რომ სანამდეც შევძლებ თან მყავდეს ბავშვი და თან ვატარო. მე ვთვლი, რომ მთავარია დედასთან იყოს ბავშვი. მე ძალიან მომწონს დისციპლინა. მომხრე ვარ რეჟიმის, მაგრამ თანახმა ვარ დავხუჭო თვალი, აერიოს რაღაცები ბავშვს, მაგრამ იყოს ჩემთან ერთად. ვთვლი, რომ ჩემნარიად ვერავინ ვერ მოუვლის, ვერავინ ვერ აბანავებს, ვერ ჩააცმევს,“- აღნიშნულ საკითხზე ნატალია ქუთათელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად