სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, საბავშვო ბაღები - 1-ლი ოქტომბრიდან, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, 1-ლი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან,“ - წერს გიორგი გახარია.
„არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“ და შეზღუდვა გადაადგილებაზე“
„არაფერი არ იცვლება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება. არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე ავტომობილებით, თუ ფეხით,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, არანაირი „ლოქდაუნების“ და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა, განსაკუთრებით გადაადგილებაზე, არ არსებობს, არ იქნება და ეს არის ჭორები.
„ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სახის სრული „ლოქდაუნი“ ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამის აუცილებლობა არ არსებობს. მოგეხსენებათ, რომ ბოლოს დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგებს, ჩვენ, დღეს უკვე ვგრძნობთ, რაც მთავარია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გრძნობს, რომელიც მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის“, - განაცხადა პრემიერმა.