Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„საბავშვო ბაღში მოსიარულე ბავშვისთვის ცივ სეზონზე დასაშვები ავადმყოფობათა სიხშირე არის 10-12-ჯერ ავადობა,“ - პედიატრი ცოტნე ბესელია

პედიატრმა ცოტნე ბესელიამ ბავშვებში ხშირი ავადობის საკითხზე ისაუბრა და განმარტა, რომელ ასაკში არ არის საყურადღებო ცივ სეზონზე ბავშვების ხშირი ავადობა:

„განვმარტოთ, რას ნიშნავს ხშირად მოავადე ბავშვი. საბავშვო ბაღში მოსიარულე ბავშვი, მით უმეტეს, თუ არის პირველი წელი, როდესაც ის შედის ბაღში, ამ დროს ცივ სეზონზე ისინი ხშირად ავადობენ. ცივ სეზონზე დასაშვები ავადმყოფობათა სიხშირე არის 10-12-ჯერ ავადობა. ეს არის ასაკზე დამოკიდებული და ასევე იმაზე, რა კოლექტივშია ბავშვი. საბავშვო ბაღში ეს დასაშვებია. როდესაც ბავშვი არის სასკოლო ასაკში, მაშინ ეს იქნება უფრო ყურადსაღები. სასკოლო ასაკში 8-ჯერ, 10-ჯერ, 12-ჯერ ავადობა წელიწადში უკვე სხვა რაღაცაზე მიანიშნებს ექიმს და მშობელს. ნუ შეეშინდებათ მშობლებს. ბავშვი, რომელიც საბავშვო ბაღში დადის, იმან ხშირად უნდა იავადმყოფოს.

ნურც იმის შეეშინდებათ მშობლებს, რომ ხშირად ამბობენ: „რაც ცივი სეზონი დადგა, ოქტომბრიდან მაისამდე ბავშვი სულ ახველებს. ხომ არ შეიძლება სულ ახველებდეს? რაშია საქმე?“ პოსტ-ინფექციურ პერიოდში, როდესაც ბავშვი გადის ბაღში, ახალი მიკრობი მოქმედებს და მწვავდება ჩივილები. ამიტომ არის ეს გადაბმული, მშობლისთვის ერთი შეხედვით გაუთავებელი ჩივილები. მშობელს უნდა, რომ ეს ხველა ერთ რაღაცასთან დააკავშიროს. ასე არ არის. ეს არის მორიგი მწვავე რესპირაციული დაავადება, მორიგი პოსტ-ინფექციური პერიოდებით. ნუ შეეშინდება ამის მშობელს,“- მოცემულ საკითხზე ცოტნე ბესელიამ „რადიო ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო ფორტუნა“ 

წაიკითხეთ სრულად