Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენა უნდა ვცადოთ, ზედა კლასებისთვის შეიძლება სწავლის პროცესი შერეულიც იყოს,“ - სიმონ ჯანაშია

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ბავშვების ეკრანთან მიჯაჭვულობის პრობლემაზე დისტანციური სწავლების ზეგავლენის შესახებ საუბრობს:

„არსებობს მოსაზრება, რომ სექტემბრიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა კიდევ უფრო გაამძაფრებს ბავშვების ეკრანთან მიჯაჭვულობის პრობლემას. აქ შეგვიძლია ისტორია გავიხსენოთ.მეცხრამეტე საუკუნეში ადამიანებზე ამბობდნენ, ეგ რა კაცია, სულ წიგნებთან ზის, იმის მაგივრად, რომ სამყარო ნახოს, ხმალი აიღოს და საქმე გააკეთოსო. დაახლოებით ასეთი ვითარება გვაქვს დღესაც. ბავშვებზე ამბობენ, რომ სულ კომპიუტერთან არიან. რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები არსებობს, დამოკიდებულებაც არის, მაგრამ ბოლო სამი თვის განმავლობაში დავინახეთ, რომ ტექნოლოგიებს მაღალი ღირებულება აქვს, როდესაც სწავლის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს.“

„ხარისხის თვალსაზრისით ჩვეულებრივ რეჟიმშიც სერიოზული პრობლემები გვაქვს სკოლებში. ახალი ტიპის მეთოდების გამოყენების დროს ახალი პრობლემები ჩნდება, ერთ-ერთია, ვინ აკონტროლებს მოსწავლეს. ასევე პრობლემაა როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე, როგორ შეიძლება მისი მოტივირება. სამინისტროს უნდა ჰქონდეს გარკვეული სცენარები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენა უნდა ვცადოთ, ზედა კლასებისთვის შეიძლება სწავლის პროცესი შერეულიც იყოს.მაგალითად, ჩვენი სკოლაამ სცენარებზე მუშაობს,“ - აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.

წაიკითხეთ სრულად