Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის ჭირვეულობა იმით კი არ უნდა გავაყუჩოთ, რომ რეალობას ავარიდოთ, ბავშვს სინამდვილე უნდა მივაღებინოთ,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„ბავშვის ჭირვეულობა იმით კი არ უნდა გავაყუჩოთ, რომ რეალობას ავარიდოთ, ბავშვს სინამდვილე უნდა მივაღებინოთ,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ მშობლებს ურჩია, რომ ბავშვს სინამდვილის მიღება ასწავლონ და მას მანიპულირების შესაძლებლობა არ მისცენ:

„ბავშვი, რომელიც თვითონ არარეალურ სამყაროს წარმოადგენს და თავის ირგვლივ ცვლის იმ ფაქტებს, რასაც რეალურად აქვს ადგილი და უნდა წარმოაჩინოს სხვაგვარად, ძალიან დიდი სიფაქიზით მშობელმა ყოველთვის უნდა მოახერხოს, რომ მას რეალობისკენ მისცეს მიმართულება. ბავშვს არ უნდა დასჭირდეს ტყუილის თქმა მშობელთან. ბავშვები ხშირად იტყუებიან იმის გამო, რომ მშობლის რისხვა, წყენა, საყვედური აირიდონ თავიდან. ბავშვი ცდილობს ისტერიით მშობლის მანიპულირებას. ამას წინათ მეგობარი მეუბნებოდა, დღევანდელ მოვლენებს რომ ვუყურებ, ეს ადამიანები ძირითადად დედის მხრიდან გაუბედურებული ადამიანები არიანო. ყველა დედის წინაშე ბოდიშს ვიხდი. ეს ასე მასშტაბურად არ ვრცელდება, მაგრამ ჩვენ ბავშვის ჭირვეულობა იმით კი არ უნდა გავაყუჩოთ, რომ რეალობას ავარიდოთ, როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს, სინამდვილე არის ის, რომელშიც ადამიანი შეძლებს სრულყოფილ ცხოვრებას.

რეალობას არ უნდა მოწყდეს ადამიანი. რა მტკივნეულიც უნდა იყოს რეალობა, როგორი მწარეც უნდა იყოს, ის არ უნდა მოწყდეს მას. ეს ყველაფერი უნდა მივაღებინოთ ბავშვს ადრეულ ასაკში ისე, რომ მან იგრძნოს თანაგრძნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღებთ უპასუხისმგებლო ადამიანს, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე ცდილობს მანიპულირებას,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად