Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ არავისთვის არაფერი არ დაენანოს, გულკეთილი იყოს,“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაცია

„ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ არავისთვის არაფერი არ დაენანოს, გულკეთილი იყოს,“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაცია

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, რომ ბავშვს სხვისთვის სიკეთის გაკეთება ადრეული ასაკიდანვე ასწავლონ:

„ბავშვს დედა ასწავლის, რომ გულკეთილი იყოს, არავისთვის არაფერი არ დაენანოს. ეს მართალია. ასეც უნდა ვასწავლოთ. მეტსაც ვიტყვი, როდესაც ბავშვს რაღაც სათამაშოს ვუყიდით, თუ შესაძლებელია, 2 ცალი, 3 ცალი ვუყიდოთ. თუ ათასები ღირს არა, მაგრამ თუ გაქვთ შესაძლებლობა, 3 ლარის ფარგლებში ქვიშაში სათამაშო ვედრო 2 ცალი ვუყიდოთ. ვუთხრათ ბავშვს, რომ ეს ერთი ვიღაცას უნდა ვაჩუქოთ იქ, ვისაც არ ექნება. თუ ექნება, უკან წამოვიღებთ, მაგრამ თუ არ აქვს, ვაჩუქოთ. ამ განწყობით უნდა წავიყვანოთ ბავშვი, რომ მან სიკეთე უნდა ჩაიდინოს.

ჩვენ რომ გვერდით მეზობელი გვყავს, იმას არ ექნება ეს სათამაშო, მოდი, იმასაც ვუყიდოთ ეს. არასდროს არ უყიდოთ ბავშვს რამე ისე, რომ ეს მარტო მისთვის არის, თუ ეს შესაძლებელია. იქვე ჩაუნერგეთ განაწილების, სხვისთვის მიცემის გრძნობა. თუ ბავშვს სათამაშო მოედანზე ყოფნისას რაღაც არ მისცეს, თავად კი სხვები დაასაჩუქრა, შინაგანი კონფლიქტი მოხდება. ესეც უნდა ავუხსნათ ბავშვს. „მე რა დაგარიგე შენ? იმასაც მივცეთ, ხომ? მაგრამ სხვა დედამ ეს არ დაარიგა შვილს. მან უთხრა, რომ არავის მისცეს სათამაშო. გვეწყინოს ჩვენ ეს? დედას არ შეუძლია, რომ მას ორი ცალი უყიდოს, ამიტომ ასე დაარიგა. შენ რომელი უფრო მოგწონს, როდესაც გასცემ, თუ როდესაც იღებ?“ ეს ისეთი ტონით უნდა უთხრათ, რომ მას მოეწონოს გაცემა. ისიც უნდა უთხრათ ბავშვს: „ჩვენ მაინც ვიყიდით სხვისთვის სათამაშოებს. მოვუტანოთ მათ ის სათამაშო შენ რომ არ მოგცეს და ვუთხრათ: აი, ჩვენ გაძლევთ,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად