Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

რჩევები ბავშვებში საკვების გადაცდენის რისკის შესამცირებლად - ევგენი კომაროვსკი

რჩევები ბავშვებში საკვების გადაცდენის რისკის შესამცირებლად  - ევგენი კომაროვსკი

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მშობლებს ბავშვის უსაფრთხო კვების წესები გააცნო:

„მშობლები ​სამედიცინო დახმარებას ძალიან ხშირად ითხოვენ ბავშვის სასუნთქ გზებში საკვების მოხვედრის გამო. აღნიშნული პრობლემა ძალიან აქტუალურია, რის გამოც ბავშვის კვების დროს სიფრთხილის ზომები წინასწარ უნდა მიიღოთ. განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც ბავშვი კვების პროცესში ერთობა და იმის ნაცვლად, რომ საკვები დაღეჭოს და ისე მიირთვას, მოულოდნელად ყლაპავს. ბავშვის სასუნთქი გზების გადაკეტვის რისკი ამ დროს ძალიან მაღალია.“

ევგენი კომაროვსკიმ მშობლებს მოუწოდა, რომ ბავშვი მხოლოდ მაგიდასთან ჯდომის დროს გამოკვებონ:

„იმისთვის, რომ უსაფრთხოების ზომები დაიცვათ, შემდეგი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ: ბავშვი კვების დროს მაგიდასთან უნდა იჯდეს. თუ ის კვების დროს გადაადგილდება, საკვების გადაცდენის რისკი მატულობს. ბავშვის საკვები დაანაწევრეთ და მას ასეთი ფორმით მიაწოდეთ. თქვენს შვილს ასწავლეთ, რომ საკვები კარგად უნდა დაღეჭოს. ​კვების პროცესი კარგად უნდა აკონტროლოთ მაშინაც კი, როდესაც ბავშვმა ღეჭვა უკვე იცის.“

ევგენი კომაროვსკის თქმით, საჭიროა, რომ მყარი საკვები პროდუქტები მოიხარშოს ან წვრილად დაქუცმაცდეს, რათა ბავშვის კვება მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს:

​ვაშლი, სტაფილო ან მსგავსი ტიპის მყარი პროდუქტები მცირე ზომის ნაჭრებად და​ჭერით, გახეხეთ ან მოხარშეთ, რომ ბავშვმა მოულოდნელად არ გადაყლაპოს. მცირე ზომის ნაჭრებად უნდა დაქუცმაცდეს ხორციც. თუ ბავშვს სოსისს აჭმევთ, ის მოგრძო ფორმის ნაჭრებად დაჭერით და არა - წრეებად. გაითვალისწინეთ, რომ პოპკორნი ბავშვს მარტივად შეიძლება გადაეყლაპოს.“

„კანფეტები და საღეჭი რეზინები განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ბავშვის პირის ღრუში მსგავსი ტიპის პროდუქტები დიდხანს რჩება. ხშირად ბავშვი კევის ღეჭვის პარალელურად თამაშობს კიდეც და მისი ყურადღება მოდუნებულია. თხილი და მზესუმზირა მცირეწლოვან ბავშვებს მხოლოდ დაფქული სახით მივაწოდოთ, თუ, რა თქმა უნდა, ბავშვი ალერგიული არ არის. ​ზეთისხილი, ყურძენი, ალუბალი და ყველა მრგვალი პროდუქტი აუცილებლად უნდა გაჭრათ, ვიდრე ბავშვს მისცემთ. ყურადღებით იყავით ქიშმიშთან, თევზთან და სხვა ძვლოვან საკვებთან, რადგან ისინი ბავშვისთვის პოტენციურ საფრთხეს შეიცავენ,“ - აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად