Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„სპეციფიურმა, ხმაურიანმა თამაშებმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიატრიული დარღვევები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

​პედიატრი თემურ მიქელაძე „იმედის დღეში“ ბავშვებზე ეკრანდამოკიდებულებისა და აგრესიული ონლაინ თამაშების ნეგატიურ ზეგავლენის შესახებ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ მსგავსი თამაშები მოზარდებისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე ონლაინ სწავლება:

„ონლაინ სწავლება და ონლაინ გაკვეთილები არასდროს ისეთ მავნე ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვზე, როგორც მის მიღმა აგრესიაზე გადაწყობილი თამაშები. სპეციფიურმა, ხმაურიანმა თამაშებმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიატრიული დარღვევები. ბავშვები კარჩაკეტილები ხდებიან, აწუხებთ უძილობა, თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ზოგადი სისუსტე. ეს სწორედ მავნე ზემოქმედებისგან გამოწვეული პრობლემაა.“

„ღამის საათებში, განსაკუთრებით ჩაბნელებულ ოთახებში, როდესაც ბავშვი არის გაჯეტებზე დამოკიდებული, ეკრანზე დამოკიდებული, გამოსხივებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მელატონინის სინთეზის დაქვეითება. აქედან გამომდინარე დილით ბავშვი შეიძლება იყოს გამოუძინებელი, წამოვიდეს დასწავლის პრობლემები. ონლაინ გაკვეთილებზე ან სკოლაში წასვლისას ბავშვი შეიძლება იყოს გონებაგაფანტული. სწორედ ამიტომ, მთავარია მშობლის ჩართულობა. თუ იქნება მშობლის ჩართულობა, ბავშვს მაქსიმალურად თავიდან ავაცილებთ ამ ზოგად პრობლემებს,“ - აცხადებს ​თემურ მიქელაძე.

​ბავშვების ეკრანდამოკიდებულების საკითხზე საუბრობს ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დირექტორი მეგი კავთუაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ მშობლებს ინტერნეტის დადებითი მხარეების დანახვა უძნელდებათ:

„სოციალურმა აქტივობებმა, საგანმანათლებლო აქტივობებმა პანდემიის პირობებში ეკრანზე გადაინაცვლა. ​ჩვენი შვილები გახდნენ უფრო მეტად ეკრანდამოკიდებულები. ამან გაზარდა კონფლიქტები მშობლებსა და შვილებს შორის. მშობლების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ინტერნეტი არის არა სიკეთე და შესაძლებლობები, არამედ პირიქით, ის თაობას აფუჭებს, ღუპავს და ა.შ. ზოგიერთი ადამიანი წერდა, რომ სჯობს ინტერნეტი გრაფიკით მოგვეწოდებოდეს, სჯობს, რომ საერთოდ არ არსებობდეს. მშობლებს აინტერესებდათ, როდის შეწყდება ინტერნეტით ბავშვების კვება და ა.შ.“

„ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერნეტი ცუდია, მაგრამ ეს მშობლებისთვის დამარცხებაა. გამორიცხულია, რომ მშობელი ამ პროცესს დაუპირისპირდეს. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ კი არ ვებრძოლოთ იმას, რაც ჩვენთვის კარგია, არამედ ტექნოლოგიები ჩავაყენოთ ჩვენს სამსახურში,“ - აცხადებს მეგი კავთუაშვილი.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად