Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არ უნდა მივცეთ ექვს თვემდე ასაკის ბავშვს წყალი?

რატომ არ უნდა მივცეთ ექვს თვემდე ასაკის ბავშვს წყალი?

წყლის გარეშე ცხოვრება რთულად წარმოსადგენია, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, თუმცა არის თუ არა წყალი საჭირო ჩვილი ბავშვებისთვის? როგორც აღმოჩნდა, ბავშვებისთვის წყლის მიცემა მშობლებმა მხოლოდ ექვსი თვის ასაკიდან უნდა დაიწყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შვილების ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიან.

  • დედის რძე ბავშვს სითხის მარაგს სრულად შეუვსებს

დედის რძე ცხიმებს, ცილებს, შაქარს, მინერალებს და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. დედის რძის 80 %-ს წყალი შეადგენს. დედის რძე ბავშვის წყურვილს სრულად აკმაყოფილებს, მაშინაც კი, როდესაც ძალიან ცხელა. ყოველთვის, როდესაც ბავშვი დედის რძეს მიირთმევს, ის წყალსაც იღებს.

ბავშვს წყალი ექვსი თვის ასაკიდან გაასინჯეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ექვს თვემდე ასაკის ბავშვს წყლის მიღება არ ესაჭიროება. 6-12 თვის ასაკის ბავშვისთვის წყლის მიცემა სავსებით უსაფრთხოა. არ გაგიკვირდეთ, თუ პატარა წყლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენს, ის ხომ ჯერ კიდევ ფორმულით ან დედის რძით იკვებება.

რატომ არ უნდა მივცეთ ექვს თვემდე ასაკის ბავშვს წყალი?

ექვს თვემდე ასაკის ბავშვს წყალს თუ დაალევინებთ, მას მადა მნიშვნელოვნად დაუქვეითდება, რის გამოც დედის რძეს საჭირო რაოდენობით აღარ მიიღებს. წყლის დალევა ექვს თვემდე ასაკის ბავშვს მოწამვლის საფრთხის წინაშეც აყენებს, რაც ხშირად მძიმე გართულებებს იწვევს და ზოგჯერ ფატალური შედეგითაც სრულდება. თუ წყალი კარგად გასუფთავებული არ არის, ის ორგანიზმში ინფექციების შეჭრას გამოიწვევს. დედების ნაწილი წყლის დიდი დოზით მიცემის მიზნით ფორმულას ჭარბი წყლით აზავებს, რაც ასევე არასწორია. მსგავსი პრინციპით მომზადებული ფორმულა ბავშვს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით ვერ მოამარაგებს.

ჩვილი ბავშვის კვებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები თუ გაწუხებთ და გაურკვევლობაში ხართ, დახმარებისთვის აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.

მომზადებულია ​adme.ru-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად