Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ბავშვს ექიმთან ვიზიტის ეშინია, პირველ რიგში, ფობიის გამომწვევი მიზეზი დაადგინეთ

თუ ბავშვს ექიმთან ვიზიტის ეშინია, პირველ რიგში,  ფობიის გამომწვევი მიზეზი დაადგინეთ

ბავშვების ნაწილს ექიმთან მისვლის ძალიან ეშინია. პედიატრთან ვიზიტისას ისინი ისტერიკას აწყობენ, ტირიან და შფოთავენ. ექიმების განსაკუთრებით მცირეწლოვან პატარებს და სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ეშინიათ. მიუხედავად ამისა, მშობლები შვილის პედიატრთან მიყვანაზე უარს ვერ ამბობენ, რადგან სავალდებულო ვაქცინაცია, შეუძლოდ მყოფი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და მისი განვითარების დონის შეფასება აუცილებელია. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვს ექიმთან მისვლა აშინებს?

ბავშვის დახმარება თუ გსურთ, პირველ რიგში, გაარკვიეთ, რატომ ეშინია მას ექიმთან მისვლის. ბავშვების პედიატრთან პირველი შეხება ვაქცინასთან არის დაკავშირებული. ბავშვებს ექიმები იმიტომ აშინებთ, რომ მათ აცრების გაკეთების ეშინიათ. ბავშვის შიშს გაგებით უნდა მოეკიდოთ. ჰკითხეთ მას, რატომ ეშინია ექიმთან ვიზიტის და პასუხს ყურადღებით მოუსმინეთ. თქვენს შვილს აუხსენით, რომ მისი გესმით.

ბავშვს კარგად აუხსენით, რატომ მიგყავთ ის ექიმთან. პატარები ექიმთან ვიზიტს ხშირად კოშმარულ სიზმრად წარმოისახავენ. თუ ბავშვს ნემსის ჩხვლეტა აშინებს, აუხსენით მას, რომ ექიმთან ვიზიტის დროს მას ვაქცინას ყოველთვის არ გაუკეთებენ და უმეტეს შემთხვევაში პედიატრის მონახულება მისთვის სავსებით უმტკივნეულო იქნება.

არასდროს მოატყუოთ ბავშვს, როდესაც ის ექიმთან მიგყავთ. არ დაუმალოთ მას, თუ რა ელოდება პედიატრის კაბინეტში. თუ ბავშვთან იცრუებთ, ის თქვენ მიმართ ნდობას დაკარგავს, ხოლო მისი შიში უკონტროლო გახდება. ბავშვს აუხსენით, რომ შესაძლოა, მას ნემსის ჩხვლეტა ეტკინოს, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდება. ამ შემთხვევაში, ბავშვი შედარებით დამშვიდდება და პანიკაში არ ჩავარდება. მას მოლოდინი ექნება, რომ ტკივილი დიდხანს არ შეაწუხებს, რის გამოც ვაქცინაციის პროცედურას მარტივად გაუმკლავდება.

ვაქცინის გაკეთებამდე ბავშვი გაართეთ. მას წიგნები წაუკითხეთ, საყვარელი სიმღერა უმღერეთ, მულტფილმი ჩაურთეთ, დაუსვით სახალისო კითხვები. როდესაც ბავშვი ექიმთან მიგყავთ, მისი საყვარელი სათამაშო თან წაიყოლეთ, ასე თქვენი შვილის შფოთვას მნიშვნელოვნად შეამცირებთ.

ბავშვს ისეთი წიგნები წაუკითხეთ, რომლებშიც ექიმები დადებით პერსონაჟებად არიან წარმოდგენილნი. თქვენს შვილს ექიმებზე დადებითი წარმოდგენა უნდა შეუქმნათ, რათა მას პედიატრთან ვიზიტისას პოზიტიური მოლოდინები ჰქონდეს.

ბავშვი ექიმთან ვიზიტის შიშს თუ გადალახავს, ის აუცილებლად დააჯილდოვეთ. ამ გზით თქვენი შვილი მიხვდება, რომ მისი მშვიდი ქცევა მოსაწონია და სწორია. ბავშვი საჩუქრის მიღების შემდეგ ექიმთან მომდევნო ვიზიტს უფრო მშვიდად შეხვდება და შიშის გადალახვაც გაუმარტივდება.

მომზადებულია​ theswaddle.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა


წაიკითხეთ სრულად