„ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და მშობლებზე, მაგრამ თუ გამოიკვეთა გარკვეული გადაცდომები, მყისიერი რეაგირება გვექნება“
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება სკოლების, მასწავლებლების, მოსწავლეების ან მშობლების მიმართ, თუმცა გარკვეული გადაცდომების შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება მოხდება, მათ შორის, შესაძლოა, საგანმანათლებლო დაწესებულება დროებით დაიკეტოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენ ავიმაღლოთ საკუთარი პასუხისმგებლობა და რეკომენდაციებიც აღმოჩნდეს საკმარისი, რათა ჩვენ სწორად ვითანამშრომლოთ და ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის ეს ყველაფერი არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და მშობლებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა გარკვეული გადაცდომები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, რომ გვქონდეს საუკეთესო გამოსავალი და ჩვენი ბავშვები უსაფრთხო გარემოში განაგრძობდნენ სწავლას. რეაგირება იქნება შემდეგი,საჭირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაიხურება სკოლა, გადაიხედება ყველა სანიტარული ნორმა და ასევე მისი აღსრულება, გაეცემათ მათ დამატებითი რეკომენდაციები, ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები და შემდეგ მიეცემათ სწავლის განახლების საშუალება,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბერს, საბავშვო ბაღებში კი 1-ლ ოქტომბერს განახლდება.