„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
,,ეს მოხდება ნოემბრიდან შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში და როგორც წინა ეტაპზე, შეეხება თითოეულ ოჯახს...''
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღაზე ისაუბრა. მისი თქმით, ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღა როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერას მოიცავს.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, 1-ლი ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში - ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში მოსახლეობას კომუნალური გადასახადი იმავე პრინციპით აუნაზღაურდება, როგორც ეს მოხდა ანტიკრიზისული გეგმის პირველ ფაზაში:
„ეს მოხდება ნოემბრიდან შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში და როგორც წინა ეტაპზე, შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატ-საათამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე ანაზღაურდება წყლის და დასუფთავების გადასახადი. ეს არის ის მინიმუმი, რითაც დღეს სახელმწიფოს შეუძლია, ჩვენს მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის და გლობალური კრიზისის გამო შემოსავალი დაკარგეს. გვესმის, რომ ჩვენს ბევრ მოქალაქეს მსგავსი მხარდაჭერა შეიძლება არ სჭირდება და მათ უკვე დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი თქვან მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.