„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
„მათი დახურვის გადაწყვეტილება არის ძალიან რთული“ - თამარ გაბუნია ბაღებისა და სკოლების დახურვაზე
„ბაღებისა და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამდენად, უკიდურესი აუცილებლობა თუ არ დადგა, ვეცდებით, დიდხანს შევინარჩუნოთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სასწავლო პროცესი გაგრძელდება აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე:
„ბაღებისა და სკოლების რისკი მაღალია ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, თუმცა მათი დახურვის გადაწყვეტილება არის ძალიან რთული. თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება, ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი გაგრძელდება აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.